პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეიმურაზ ჭკუასელისა და ნანა ყეინიშვილის მომზადებულ კანონპროექტს განიხიალვენ, რომლის თანახმად, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ დეპუტატში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გენდერული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვრება, რომ საარჩევნო სიებში ყოველ სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც წარმოდგენილი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.
აღნიშნული კანონპროექტი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს “მოქალაქეთა პოლიტიკური გერთიანების” შესახებ კანონშიც. აღნიშნული ცვლილებებით, პარტია, რომელიც იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუეჯტიდან ამ კანონით დადგენილი წესით, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ ამ პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ყველა პარტიულ სიაში(რომლის შედეგების საფუძველზეც მიიღო დაფინანსება) კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 30%-ით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტს კანონპროექტთან მთელი რიგი შენიშვნები აქვს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად “ხელოვნური ჩარევის მექანიზმების დიდად მომხრე არ არის.” თუმცა, მისივე თქმით, სავალდებულო კვოტირების დაწესების აუცილებლობას ხედავს:
“ალბათ დადგება დრო და ერთ დღეს მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ ალბათ არ დაგვჭირდება ასეთი ტიპის ვალდებულების ჩაწერა, მაგრამ ეს დრო შეიძლება ახლოს არ იყოს. შეიძლება ამას დაუგვიანდეს, შეიძლება ეს წლების შემდეგ იყოს. არის ბევრი ფაქტორი, რომელიც ქალისთვის პოლიტიკაში მიზიდულობის სივრცეს არ ქმნის. არის ბუნებრივი პრობლემები, რომელიც შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს არ ქმნიდეს თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობას. მე, ერთი ქალი პოლიტიკოსი, მეტი ქალი პოლიტიკოსის მონაწილეობას საჯარო პოლიტიკაში, საარჩევნო პროცესში იმიტომ ვეთანხმები, რომ მიმაჩნია, ხელი უნდა შევუწყოთ პროცესის უფრო სწრაფად წარმართვას იმისთვის, რომ შედეგი[პარლამენტში ქალთა გაზრდილი რაოდენობა] მივიღოთ.”
თამარ კორძაიას განცხადებით, ასეთი ინიციატივა არ არის ახირება, არამედ თანასწორობისთვის ბრძოლაა. მისივე თქმით, სავალდებულო კვოტირების გარეშე პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას შეიძლება ბევრი წელი დასჭირდეს:
“ეს არ არის ჩვენი ახირება. ეს არის თანასწორობის მოპოვებისთვის ხმის ამოღება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად დავინახოთ თანასწორობა და რეალურად გავაცნობიეროთ ის, რომ ქალებს ვერ ხედავენ, როგორც თანასწორ გადააწყვეტილების მიმღებს ჩვენს პოლიტიკურ პარტიებში. ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ მისი კაბინეტი იქნება ისეთი, როგორიც არის მისი ქვეყანა: 50% ქალი და 50% კაცი. მეც მოგიწოდებთ, რომ ეს პარლამენტი იყოს ისეთი, როგორიც არის ჩვენი ქვეყანა და ეს კანონმდებლობაში ავსახოთ. ”
“კონსერვატორების” წევრის, გიგა ბუკიას განხადებით, მისი პარტია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ყრილობისას წესდებაში ცვლილება შეიტანა და ვალდებულება აიღო, რომ სიის შედგენისას ქალთა წარმომადგენლობის გათვალისწინება სავალდებულო ყოფილიყო:
“აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მანდილოსნების ხელშეწყობა აუცილებელი საკითხი და საშური კეთილშობილური თემაა, მაგრამ კანონით სავალდებულო კვოტირების შემოღება თვითონ პარტიებს დააზარალებს,” -ამბობს ბუკია და აღნიშანვს, რომ ასეთი ჩანაწერი დისკრიმინაციული და არასწორი იქნება.