ახალი ამბები

პრეზიდენტის აზრით, ის, რაც ხურჩაში მოხდა, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

25 მაისი, 2016 •
პრეზიდენტის აზრით, ის, რაც ხურჩაში მოხდა, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა

“ის, რაც მოხდა კორცხელში, არის უფრო მეტი, ვიდრე სამართალდარღვევა. ეს არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააკეთა დღეს, 25 მაის. მან ჟურნალისტებს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო:

“პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საკერბულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებს. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს ძალადობა. ეს არის მისი ვალდებულება და არა კეთილი ნების გამოვლინება.

სახელმწიფო ინსტიტუციების გამართულად მუშაობა ქვეყნის დემოკრატიულობისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთოხების გარანტიაა.

სწორედ ინსტიტუციებმა უნდა უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი და აღკვეთონ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – ის, რაც მოხდა კორცხელში, არის უფრო მეტი, ვიდრე სამართალდარღვევა. ეს არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

კორცხელში მომხდარზე ეფექტური რეაგირება არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ნება და შესწევს თავისუფალი და მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარების უნარი.

პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია, როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე მომხდარზე დროული და ეფექტური რეაგირება. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ ის მართავს ქვეყანაში პროცესებს”, – განაცხადა მიშველაძემ.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა გაითავისოს, რომ სწორედ ის არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ყველა კანონდარღვევაზე უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია. მიშველაძის განმარტებით, პრეზიდენტი მხარს უჭერს, “პრემიერ-მინისტრის სახელმწიფოებრივ პოზიციას” კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რომ “უსწრაფესად გამოვლინდეს ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისროს პასუხისმგებლობა”.

მიშველაძემ ასევე ისაუბრა, მისი თქმით, კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, – ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე.

“როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ახლახან დაბრუნდა სტამბოლიდან, სადაც გაეროს ორგანიზებით გამართულ პირველ მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე, უმაღლესი ტრიბუნიდან, ასევე მსოფლიო ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე, ისაუბრა ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც თავხედურად, ცინიზმით, სასტიკად მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია.

პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ შემქნილ სავალალო ვითარებაზე.

პრეზიდენტის აზრით, უცნაურია, რომ ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში, დღეს ჩვენ გვიწევს მარტივ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება. როდესაც კლავენ ერთ მოქალაქეს, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სახელმწიფო ვალდებულია გაერთიანდეს ამ დანაშაულის წინააღმდეგ და დაიცვას საქართველოს მოქალაქეები. ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ შეხედულებებს და პლატფორმებს – ის, რაც მოხდა ხურჩაში, არის ყველა მოქალაქის ტრაგედია”, – თქვა მიშველაძემ.

იგი ასევე გამოეხმაურა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცესს.

“დღეს, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობა აღსადგენია, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ შეაფერხებს სასამართლოს გაჯანსაღების პროცესს.

პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსიტიტუციების დაცვის გარანტი, ინსტიტუციების გამართულად მუშაობა კი ქვეყნის დემოკრატიულობის საფუძველია. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს გამართულად მუშაობას”, – აღნიშნა მიშველაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი