ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დააჯარიმა

23 მაისი, 2016 •
ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა.  ჯარიმის დაკისრების მიზეზი იმ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა აღმოჩნდა, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორანიზაციებს უყენებს.  ეროვნული ბანკის ცნობით, დარღვევები, რომლებიც ფინანსური სანქციის დაკისრების მიზეზი გახდა, ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოვლინდა:

“ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოწმება, მათი საქმიანობის ფულის გათეთრების აღმკვეთ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. შემოწმებების შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ხარვეზები, რამაც განაპირობა კანონმდებლობით დადგენილი საჯარიმო სანქციების გამოყენების აუცილებლობა, კერძოდ:

• მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაუცემლობის ფაქტები;

• კლიენტების იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის ნაკლოვანებები;

• კლიენტის შესახებ არასაკმარისი ინფორმაციის ფლობა, რაც ავტომატურად განაპირობებს რისკების იდენტიფიცირების პროცესის არაეფექტურობას;

• გარიგებების მუდმივი და გაძლიერებული მონიტორინგის განუხორციელებლობა და სხვა” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკის ცნობით, ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების შემოწმებისა და მათ მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტები კონფიდენციალურია. გამომდინარე აქედან, ეროვნული ბანკი არ ასაჯაროებს ინფორმაციას დაჯარიმებული ორგანიზაციებისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ.

 

 

”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობას. ეროვნული ბანკი პერმანენტულად ახორციელებს ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე ინსპექტირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი