ახალი ამბები

ვინ ისარგებლებს დამატებით უფასო პოლიტიკური რეკლამით? – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

23 მაისი, 2016 •
ვინ ისარგებლებს დამატებით უფასო პოლიტიკური რეკლამით? – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმ პარტიებს, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული იყვნენ იმ სარჩევნო ბლოკში (არა პირველ ნომრად), რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, უფასო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის უფლება ექნებათ.

საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა „თავისუფალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

სადავო ნორმა განსაზღვრავდა საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, აგრეთვე სათემო მაუწყების ეთერში უფასო წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების წესს. რეკლამის განთავსების უფლება მინიჭებული ჰქონდა მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელში გაერთიანებულმა პარტიამ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 ან 3 პროცენტი მიიღო, ან ბოლო არჩევნებში მონაწილეობდა როგორც იმ საარჩევნო ბლოკის წევრი, რომელმაც მიიღო იმავე ოდენობის მხარდაჭერა და იყო ბლოკის პირველი ნომერი.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული იყო ორი თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ის უფასო რეკლამის განთავსების უფლებას ართმევდა ისეთ პარტიებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს 4 ან 3-პროცენტიანი მხარდაჭერა წინა საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მეორე მხრივ, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმა ასევე დისკრიმინაციული იყო იმ პარტიებთან მიმართებით, რომლებიც წინა არჩევნებში მონაწილეობდნენ საარჩევნო ბლოკის წევრებად და ამ ბლოკმა საჭირო მხარდაჭერა მიიღო, თუმცა არ იყვნენ ამ ბლოკის პირველი ნომერი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ უფასო სარეკლამო დრო წარმოადგენს ამოწურვად რესურსს, იგი ვერ მიეცემა ყველა საარჩევნო სუბიექტს განუსაზღვრელი ან მათთვის სასურველი ოდენობით. შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროით სარგებლობისას გარკვეული შეზღუდვების დადგენის აუცილებლობა ობიექტურად არსებობს. ამასთანავე, წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლების მინიჭება ემსახურება პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობას. საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, პარლამენტში მოხვდება მხოლოდ ის პარტია, რომელიც გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს, შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია უფასო სარეკლამო დროის შეზღუდული რესურსი მიმართოს მხოლოდ იმ პარტიებზე, რომლებსაც ობიექტურად აქვს პარლამენტში მოხვედრის რეალური შესაძლებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება გამართლებულია ისეთ პარტიებთან მიმართებით, რომლებმაც ბოლო არჩევნებში ვერ მოიპოვეს შესაბამისად 3 ან 4-პროცენტიანი მხარდაჭერა. თუმცა სასამართლომ იმ პარტიებთან მიმართებით, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული იყვნენ იმ სარჩევნო ბლოკში (თუმცა არ იყვნენ ბლოკის პირველი ნომერი), რომელმაც მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, დიფერენცირება არ მიიჩნია გამართლებულად. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევებში სადავო ნორმამ შესაძლოა უფასო პოლიტიკური რეკლამის უფლების მქონე პირთაგან გამორიცხოს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში და მომავალ არჩევნებში აქვს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რეალური შესაძლებლობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი