საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გამყოფი ხაზები და მცოცავი ოკუპაცია კვლავ რჩება საქართველოს პრობლემად.
საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში მიმდინარე ჰუმანიტარულ სამიტზე, 70-მდე ქვეყნის მეთაურების დახურულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და დევნილთა პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის კარგად ნაცნობია ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ტკივილი, მისი მოსახლეობის ნახევარი მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია და დევნილობაში იმყოფება.
“ჩვენ წინაშე კვლავ დგას გამყოფი ხაზებისა და მცოცავი ოკუპაციის პრობლემა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ რუსეთი მუდმივად ავლებს მავთულხლართებსა და ღობეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იმ მიზნით, რომ იზოლაციაში მოექცნენ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და წაართვას მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება.
“სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოწმენი გავხდით სასტიკი ტრაგედიისა, როდესაც რუსმა სამხედროებმა უდანაშაულო და მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ რჩება გაეროს მიერ წარმოდგენილი ხუთი ძირითადი ვალდებულების ერთგული და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ორიენტირებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებაზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრაზე.
გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივნს, ბან კი მუნს და თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული სამიტის ინიცირებისა და ორგანიზებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიოს ჰუმანიტარული საკითხებს უფრო დიდი ყურადღება დაეთმოს.
23-24 მაისს სტამბოლში, გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით, პირველად ტარდება მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი.
სამიტზე განიხილავენ “კონფლიქტის პრევენციისა და დასრულებისთვის პოლიტიკური ლიდერობის“, „ჰუმანიტარულ სფეროში გასატარებელი ღონისძიებების“, “სირიის კრიზისის და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის“ საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტ მოგენს ლიკეტოფთან, ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან, კოტ დ’ივუარის პრემიერმინისტრ დანიელ კაბლან დუნკანთან და იემენის პრემიერმინისტრ აჰმედ ობეიდ ბინ დაგრთან.
მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების ამსახველი ფოტოები.
გამოფენა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება.