საქართველოს პრეზიდენტი თავის გამოსვლაში რეგიონში არსებულ კონფლიქტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს კავკასიაში, იმპერიული ძალის მიერ არის თავს მოხვეული.
“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს კავკასიაში, თავს არის მოხვეული იმპერიული ძალის მიერ, რომლის მთავარი პრინციპია – გათიშე და იბატონე. თუმცა კავკასიის ყველა ქვეყნის, ყველა ხალხის ინტერესებში შედის კავკასიის გაერთიენება, ერთიანი ეკონომიკური სივრცის და პერსპექტივაში ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა. ეს აუცილებლად განხორციელდება. ამას ალტერნატივა ჩვენი პატარა ქვეყნებისთვის ნამდვილად არ აქვს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კონფლიქტები, რომლებიც ხელოვნურად იყო თავს მოხვეული ჩვენს ქვეყნებზე, ვფიქრობ, მალე გადაწყდება,” – აღნიშნა სააკაშვილმა.
გამოსვლაში მან სერჟ სარქსიანს საქართველო-სომხეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა ეფუძნება სომხეთის პრეზიდენტის პიროვნულ ფაქტორს.
“ბევრი საკითხი ასე სწრაფად ვერ გადაწყდებოდა, რომ არა მისი პიროვნული ფაქტორი,” – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს სერჟ და რიტა სარქსიანები საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ის დღესვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში საქართველოს-სომხეთის ბიზნესფორუმსაც დაესწრება.







