ახალი ამბები

რატომ იზრდება დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტში

28 ნოემბერი, 2011 • • 1252
რატომ იზრდება დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტში
გამოიწვევს თუ არა პარლამენტართა რაოდენობის 150–დან 190–მდე გაზრდა პარლამენტის სისტემურ ცვლილებას და გახდება თუ არა პარლამენტი ორპალატიანი? რატომ არ აქვს ძალა 2003 წლის რეფერენდუმს პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის შესახებ? რამდენით გაიზრდება პარლამენტის ბიუჯეტი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში? – ეს ის კითხვებია, რომლებიც დღეს პარლამენტში კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და აშშ–ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, მათ შორის იყო დირექტორი ლუის ნავაროც. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიას, ამ კომისიის 30–კაციანი შემადგენლობიდან აღნიშნულ დისკუსიას მხოლოდ ორი წარმომადგენელი ესწრებოდა– “ქართული დასის” ლიდერი, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი.

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “კონტიტუციის 42–ე მუხლის” წარმომადგენლმა დიმიტრი ხაჩიძემ დეპუტატთა რაოდენობის ზრდა საარჩევნო სისტემაში ცვლილებას ვერ დაუკავშირა და აღნიშნა:

“როგორც ირკვევა, საარჩევნო სისტემის არანაირი ცვლილება არ იგეგმება, უბრალოდ, რაოდენობის გაზრდა ხდება. თუმცა, ჩემი აზრით, აღნიშნული საკითხის მოგვარება შესაძლებელია ორპალატიანი პარლამენტის სისტემაში, როდესაც სენატი იქნება წარმოდგენილი რეგიონების სახით და პროპორციულად შეიძლება იყოს წარმოდგენილი კონგრესი. ასევე, აღსანიშნავია და პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტებში არათანაბარი წარმომადგენლობის საკითხიც. გამოდის, რომ 3 000–ან ამომრჩევლიან რეგიონსა და 100 000–ანს მაინც ერთი წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში. ხომ არ აჯობებდა იმ სამი ათასის გამსხვილება მომხდარიყო?!”

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, არ იგეგმება პარლამენტის სისტემური ცვლილება, რადგან ორპალატიანი პარლამენტის პირობებშიც ის პრობლემა შეიძლება დადგეს, რაც უკავშირდება არათანაბარ წარმომადგენლობას:

“კი, გამსხვილება შეიძლება ყოფილიყო ერთი გამოსავალი. ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვუთხრათ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს (აქ შეიძლება იყოს საუბარი ამბროლაურზე, ონზე, ცაგერზე, ასპინძაზე, ყაზბეგზე), რომ თქვენთან აღარ არის მაჟორიტარული წარმომადგენლობა. ბუნებრივია, ყაზბეგი დუშეთს შეუერთდება და ერთ დეპუტატს აირჩევენ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის დაიკარგება  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ხმები. შესაბამისად, ეს არ არის არსებული პრობლემის მოგვარების გზა. ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰყავდეს თითო წარმომადგენელი და არსებობდეს მაჟორიტარული წესით არჩევის შესაძლებლობა,” – განაცხადა კუბლაშვილმა.

შეხვედრაზე მკვეთრად გამოიკვეთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა ერთიანი პოზიცია 2003 წლის რეფერენდუმის ძალით პარლამენტართა რაოდენობის შემცირების თაობაზე, რასაც პავლე კუბლაშვილმა კანონის დარღვევით ჩატარებული უწოდა.

ორგანიზაცია “თავისუფალი არჩევანის” წარმომადგენელმა მანანა გეწაძემ ხელისუფლებას რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, რეფერენდუმი გახლავთ ერთადერთი საშუალება, რომ ხალხმა პირდაპირ გამოხატოს თავისი ნება, “ამიტომ მე ვთვლი, რომ 2003 წელს ქართული საზოგადოების მიერ გამოხატულ ნებას პატივი უნდა სცეს ყველამ. არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ იმ პარტიებმაც, რომლებიც ხელისუფლებასთან გარკვეულ შეთანხმებას აწარმოებენ. ვეწინააღმდეგები ამ პრეცედენტს”, – განაცხადა გეწაძემ.

კუბალშვილის განცხადებით კი, რეფერენდუმი 2003 წელს კანონის დარღვევით ჩატარდა:

რეფერენდუმის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ვინაიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა არც მაშინ იყო და არც დღეს არის, სამწუხაროდ, ამ ტიპის სამართლებრივი აქტი არ შეიძლება რომ შედგეს. შესაბამისად, როდესაც ტარდებოდა რეფერენდუმი, ის სცილდებოდა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებს. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად, ან მის გასაუქმებლად. მაშინ ამ საკითხზე იურისტების მხრიდანაც გამოითქვა, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რომც ჩატარდეს, მისი შედეგები სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს.

აქედან გამომდინარე, ის, რომ  დღეს კონსტიტუციაში არის დაფიქსირებული 150–კაციანი პარლამენტი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნება,” – განაცხადა კუბლაშვილმა.

ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიამ კუბლაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ 8 წელიწადი გავიდა 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ და თუ ამ მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით არის დაკომპლექტებული, გამოდის, რომ პარლამენტიც უკანონოა და მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილებაც.

ამის შემდეგ მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე საჯარო განხილვის კომისია პროტეტის ნიშნად დატოვა.

პავლე კუბლაშვილმა კი აღნიშნა: “რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიდავოთ იმაზე, რამდენად იყო უფლებამოსილი პარლამენტი, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილება მიეღო, მათ შორის შეგვიძლია ვიდავოთ სასამართლოში, ვინც, რა თქმა უნდა, ამ საკითხს არაკანონიერად მიიჩბევს. თუმცა ამ შემთხვევაში პარლამენტი არ ცდება თავის უფლებამოსილებას და იღებს კონსტიტუციურ ცვლილებას იმ წესით, როგორც ეს დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით.” 

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელი თინა ბოლქვაძე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის იმ ნაწილს შეეხო, რომელიც პარლამენტართა გაზრდილი რაოდენობის დაფინანსების საკითხს ეხება.  

“აღნიშნული ცვლილების ბ პუნქტის ბ.გ და ბ.დ ნაწილში წერია, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის არსებული ასიგნენების ფარგლებში.  მერე აღნიშნულია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები არ უკავშირდება დამატებით ფინანსურ ხარჯებს. როგორ გავიგოთ, რომ იგივე ბიუჯეტი ექნება პარლამენტის შემადგენლობას, რაც იყო 2011 წელს? ანუ როგორ შეიძლება 150 დეპუტატისთვის გამოყოფილი თანხები გადაანაწილოთ 190–ზე? იზრდება თუ არა აპარატის შემადგენლობა?” – აღნიშნა ბოლქვაძემ.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, სავარაუდოდ, 9 დეკემბერს დამტკიცდება ბიუჯეტი და სწორედ მაშინ გადაწყდება, რა ხარჯები დასჭირდება პარლამენტს ოქტომბრამდე და შემდგომ.

“მომავალი წლის ბიუჯეტში იგეგმება ისე, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იყოს გათვალისწინებული დაფინანსების შესაბამისი რაოდენობა. ჯერჯერობით საბოლოო ვერსია არ განხილულა. თუმცა 9 დეკემბერს სავარაუდოდ დამტკიცდება ბიუჯეტი და იქნება ჩამოყალიბებული, რა ხარჯები დასჭირდება პარლამენტს ოქტომბრამდე და შემდგომ, ოქტომბრიდან დეკემბრამდე, როდესაც ახალი პარლამენტი ამოქმედდება. აპარატის შემცირება ან ზრდა არ იგეგმება,”–  აღნიშნა კუბლაშვილმა.

კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა 20 დეკემბრიდან დაიწყება. კონსტიტუციური ცვლილების მიხედვით, პარლამენტის სრული შემადგენლობის 190 წევრიდან 107 პროპორციული სისტემით, ხოლო 83 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.   
.

ამავე თემაზე:

ერთი პარლამენტარის ფასი

მასალების გადაბეჭდვის წესი