ახალი ამბები

ზაქარეიშვილი ხურჩაში მკვლელობაზე: ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ

22 მაისი, 2016 •
ზაქარეიშვილი ხურჩაში მკვლელობაზე: ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ერთჯერადი მოვლენაა და ეს არ მიუთითებს ქვეყანაში მძიმე ვითარებაზე; საქართველო არ აპირებს შეცვალოს სამშვიდობო პოლიტიკა. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, საქართველო რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან უნდა ელოდეს და არა რუსეთისაგან.

“სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც აქამდე ხორციელდებოდა. თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მოვითხოვთ, რაც შეიძლება მკაცრად დაისაჯოს ის ადამიანი. არ არსებობს არანაირი საერთაშორისო ორგანიზაცია, არანაირი ჩართულობა ჩვენს კონფლიქტებში, რომ ეს თემა არ გახდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განხილვის თემა. რუსეთისგან რას უნდა მოველოდეთ, რუსეთი რას დასჯის. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვითხოვთ, რომ იყოს ამაზე ძალიან სერიოზულად გამახვილებული ყურადღება. ეს არის საშინელი მკვლელობა. ეს არის სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა და ეს არ არის სისტემური ხასიათის, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. მას არ აქვს განგრძობითი ხასიათი, არ მეორდება ამ ტიპის ღონისძიებები. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი,“ – განაცხადა მინისტრმა.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამასთან, 20 მაისს  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი