ახალი ამბები

ხიდაშელი: ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ორი დამნაშავე ჰყავს – უშუალოდ მკვლელი და ოკუპაცია

21 მაისი, 2016 •
ხიდაშელი: ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ორი დამნაშავე ჰყავს – უშუალოდ მკვლელი და ოკუპაცია

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ორი დამშანავე ჰყავს. ერთი, ვინც უშუალოდ მოკლა გიგა ოთხოზორია და მეორე- ოკუპაცია. მინისტრის კომენტარს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს:

“სახელმწიფოს ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს.  ამ საქმეს ორი ტიპის დამნაშავე ჰყავს, ერთი – დამნაშავეა ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა ეს უსასტიკესი დანაშაული, ის უნდა გამოვლინდეს და მკაცრად დაისაჯოს, მეორე დამნაშავე არის ოკუპაცია. ოკუპაციას ქართული სახელმწიფო მარტოკა ვერ დაამთავრებს. ვინც ამ ილუზიებით ცხოვრობს, ეს ყველას არჩევანია და შეუძლია ამ ილუზიებით იცხოვროს, მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა,” – განაცხადა ხიდაშელმა. ‘

მისივე თქმით, ქვეყანა კრიზისული მდგომარეობიდან პანიკის გარეშე უნდა გამოვიდეს:

“ყველას მინდა ვთხოვო, რომ ემოციები დაიოკონ, საკუთარი ქმედებები გაიხსენონ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიშვირონ ვინმესკენ ხელი.  ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება,  ცუდი და კარგი, არის ხელისუფლების კისერზე. ამაზე არავინ დავობს. უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ ობუექტურად შევხედოთ სიტუაციას  და რაიმე განსაკუთრებული პანიკისა და ისტერიკის გარეშე შევეცადოთ, რომ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიდეთ.”

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამასთან, 20 მაისს  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი