ახალი ამბები

ენმ ხურჩაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

21 მაისი, 2016 • 1151
ენმ ხურჩაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ,  გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით  საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევის ინციატივით მიმართავენ.

ამის  შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ისაუბრა:

“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ესაა უმძიმესი დანაშაული, რომელთან მიმართებაშიც სასწრაფოდ კონკრეტული ზომები უნდა გატარდეს. როცა ადამიანებს იტაცებენ, მავთხულხლართებს აბამენ, ჩვენს თანამოქალაქეებს ულუკმაპუროდ ტოვებენ და ახლა უკვე მშვიდობიან მოქალაქესაც კლავენ, ეს თავხედური და სასტიკი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა არაეფექტურია და პრაქტიკულად კრახი განიცადა.

მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. აბსოლუტურად არაადეკვატურია მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა. საჭიროა სწრაფი გამოძიება, რათა ამ დანაშაულში მონაწილე პირები დაისაჯონ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და არსებულ მდგომარეობაზე საგანგებო მსჯელობა გამართოს.

ვხედავთ, რომ ადგილზე პრაქტიკულად არაა საგუშაგოები და იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულიად დაუცველია, თუმცა ივანიშვილის სახლთან მუდმივად მობილიზებული არიან სამართალდამცავები, რომლებიც სწორედ რუსეთის, ოკუპანტის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს აკავებენ” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამასთან, 20 მაისს  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პიროვნების ვინაობა გამოძიებისათვის უკვე ცნობილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი