ახალი ამბები

პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

21 მაისი, 2016 • 1339
პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია “თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზებით იამრთება, თუმცა მას სხვა პარტიებიც უერთდებიან.

ირაკლი ალასანიას თქმით, ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაწყალებელი არაფერი სჭირთ, რადგან უდანაშაულო არიან:

“ისინი უნდა გათავისუფლდნენ უსამართლო ტყვეობიდან.  დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის, მხარდაჭერის აქცია 5 უდანაშაულო ადამიანისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. მათ ჩვენგან სჭირდებათ გამხნევება, სჭირდებათ იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან იმას, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოდ ისხდნენ  ციხეში,”-  განაცხადა ირაკლი  ალასანიამ.

როგორც თავისუფალი დემოკრატების ლიდერები განამრტავენ, აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობა საქართველოს რეგიონებიდან ჩამოდიან.

“სამშობლოს სამსახური არ ისჯება. ხუთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში არის იმისათვის, რომ სამშობლოს ერთგული და პარტრიოტია. ისინი თავის საქმეს აკეთებდნენ კეთილსინდისიერად,” – ამბობს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თანხის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

დაკავებულთა შორის იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

სილქნეტმა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, იმავე დღეს დაადასტურა, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სადავო ტენდერში. კომპანიამ განაცხადა, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართული სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. მან პროკურატურის ქმედებებში “პოლიტიკური სარჩული” შენიშნა და თქვა, რომ ადგილი აქვს “შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ალასანიას თქმით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავება ზუსტად მაშინ განხორციელდა, როდესაც ის მინისტრის რანგში ევროპაში ვიზიტს მართავდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით. ალასანიამ მოგვაინებით განმარტა, რომ იგი ევროპაში საქართველოსთვის ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობებზე საუბრობდა. ამის შემდეგ მინისტრის თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პატრიაშვილმა. საბოლოოდ კი, თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი