ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი უარყოფს ხურჩაში მკვლელობის ფაქტთან კავშირს

20 მაისი, 2016 • 1446
რუსეთი უარყოფს ხურჩაში მკვლელობის ფაქტთან კავშირს

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ხურჩაში მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ამ შემთხვევას საქართველო “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისთვის იყენებს:

“ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და რუსეთის არც სხვა წარმომადგენლებს ამ მართლაც ძალიან საწუხარო შემთხვევასთან კავშირი არ აქვთ”.

ოფიციალურ განცხადებაში მოსკოვი თბილისს რეკომენდაციასაც აძლევს, რომ “ადამიანის ტრაგიკული სიკვდილის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციების ნაცვლად ქართული მხარე საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე, ქალაქ გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” აღდგენის ამოცანებზე უნდა კონცენტრირდეს”. მსგავსი “ანტირუსული გამოხტომები” კი ამ მნიშვნელოვან საქმეს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელს ვერ შეუწყობს.

19 მაისის ფაქტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან და მოსთხოვა მათ შესაბამისი რეაგირება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გალის მკვიდრი, გიგა ოთხოზორია, ქართული მხარისა და მოკლულის ოჯახის ახლობლების განცხადებით, გამშვებ პუნქტთან სასიკვდილოდ დაჭრეს.

“ქართული მხარე გამოიყენებს არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა მოხდეს შესაბამისი, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი რეაგირება და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი