IDFI-ს კვლევის მიხედვით, ყველაზე გაუმჭვირვალე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა, ხოლო ყველაზე გამჭვირვალე განთლების, ენერგეტიკის, სასჯელარსრულებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებია.
კვლევის მიხედვით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, ოთხმა სამინისტრომ გამოაქვეყნა სავალდებულო ინფორმაციის 100%. ესენია: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
IDIFI-ის შეფასებით, ინფორმაციის პროაქტიული განთავსების მაღალი მაჩვენებლები ასევე აჩვენეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ – 98%, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ – 93%, იუსტიციის სამინისტრომ – 92% და ფინანსთა სამინისტრომ – 89%.
კვლევა ცხადყოფს, რომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას – 47%, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს – 50%, საგარეო საქმეთა სამინისტროს – 52% და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 52%.
IDFI-მ განახორციელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს ვებგვერდის მონიტორინგი. საკვლევი პერიოდი მოიცავდა 2015 წელსა და 2016 წლის პირველ კვარტალს. კვლევაში განხილულია სავალდებულოდ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა.
IDFI-ის შეფასებით, 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და 16 სამინისტროს პროაქტიული გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 3%-ით იკლო და 79,2% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული უწყებების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, განსხვავებულ სურათს ვხდებით კონკრეტული დაწესებულებების მაგალითზე.