ახალი ამბები

რა სთხოვა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტს

25 ნოემბერი, 2011 • • 1043
რა სთხოვა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტს
პატრიარქებისა და მედვედევის შეხვედრა
პატრიარქებისა და მედვედევის შეხვედრა

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ, 24 ნოემბერს, გვიან ღამით, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს უთხრა, რის გამო იმყოფებოდა მოსკოვში და რა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს.

“მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ლტოლვილების ბედს და გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ,” – განაცხადა პატრიარქმა, ”-იმედი არის, რომ ისინი დაბრუნდებიან თავის სახლებში. ჩვენთან არს ღმერთი!  ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი მეფეების – ვახტანგ მეექვსის და თეიმურაზ მეორის– გადმოსვენების შესახებ. ისინი არიან დაკრძალული ასტრახანში და მათ აქვთ დატოვებული ანდერძი, რომ იყვნენ დასაფლავებული საქართველოში. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქ კირილეს, რომ დაგვრთონ მათი გადმოსვენების ნება,” – თქვა ილია მეორემ.

ილია მეორე რუსეთის დედაქალაქში 18 ნოემბერს გაემგზავრა – რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

20 ნოემბერს ილია მეორე და კირილი ერთმანეთს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში, შეხვდნენ, ხოლო მოგვიანებით მათ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უმასპინძლა.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ და კირილმა ერთმანეთთან შეხვდრისას ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი