ახალი ამბები

საპატრიარქო: საბერძნეთში ჩვენი ეკლესიის წევრები ბერად ჩვენი ნებართვის გარეშე არ უნდა აღეკვეცათ

18 მაისი, 2016 •
საპატრიარქო: საბერძნეთში ჩვენი ეკლესიის წევრები ბერად ჩვენი ნებართვის გარეშე არ უნდა აღეკვეცათ

საქართველოს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა საბერძნეთში ქართველი ახალგაზრდების –  თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტ მათე შენგელიას და ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრ, მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძის ბერად აღკვეცის შესახებ ინფორმაციას.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ახალგაზრდები ბერად საბერძნეთში არქიმანდრიტ დიონისე კოლუმბოკასის მიერ აღიკვეცნენ და ინფორმაცია, რომ ეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა, რეალობას არ შეესაბამება.

გარდა ამისა, საპატრიარქო აცხადებს, რომ არქიმანდრიტ დიონისესაგან ეს მორიგი სერიოზული დარღვევაა. რაც შეეხება ბერად აღკვეცილებს, საპატრიარქოს თქმით, ისინი უკვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას აღარ ეკუთვნიან.

“ეს ორი ახალგაზრდა ადრე სხვადასხვა ღონისძიებაზე რამდენჯერმე ესტუმრა საპატრიარქოს. მათდამი   იყო კეთილგანწყობა, მაგრამ აღნიშნულ თემაზე საუბარი არასოდეს არავისთან  შემდგარა.

ახლახან კი ისინი, უკვე აღკვეცილები წარუდგნენ მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს და იქ უთხრეს მომხდარის შესახებ.

შევნიშნავთ, რომ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი) არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენი მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე; მით უმეტეს,  აღნიშნული პიროვნებები არიან 18-20 წლისანი   და მორჩილად ყოფნის პერიოდიც არა აქვთ გავლილი.

არქიმანდრიტ დიონისესაგან ეს არის მორიგი  სერიოზული დარღვევა და უხეში  არასწორი ქმედება.

დიდ-სქემოსანმა ბერმა ირინეოსმა, (იმავე მათე შენგელიამ) და დიდ-სქემოსანმა ბერმა იერონიმემ (იმავე გიორგი ქათამაძემ) არჩევანი თვითონ გააკეთეს და ისინი ამიერიდან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღარ ეკუთვნიან,”- ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ამ განცხადებას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა გიორგი ქათამაძე. იგი ამბობს, რომ საბერძნეთში ბერად აღკვეცით მათ საეკლესიო სამართალი არ დაურღვევიათ.

“ჩვენი სულიერი მოძღვარი აღკვეცამდე და აღკვეცის შემდეგ, გახლავთ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი), რომელმაც, როგორც თავისი სულიერი შვილები, მე და მათე შენგელია – აწ უკვე მამა ირინეოსი, აღვგკვეცა დიდ სამონაზვნო სქემებში. შესაბამისად, ხსენებული ქმედებით არქიმანდრიტ დიონისესა და ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია საეკლესიო სამართლის არცერთი მუხლის დარღვევას და ადმინისტრაციულ დონეზე ვიმყოფებით ელადის (საბერძნეთის) ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, რომელთანაც სრული ევქარისტიული კავშირი გააჩნია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას,”- წერია გიორგი ქათამაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას, რომ მათ არ ჰქონდათ გავლილი მორჩილად ყოფნის პერიოდი, გიორგი ქათამაძე წერს, რომ თუ მორჩილების როგორი სახე და ხანგრძლივობა დაეკისრება აღსაკვეცს, ეს მოძღვარზეა დამოკიდებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი