“ეროვნული ფორუმი” საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“16 მაისს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი, ჩვენი იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას. ამავე დროს დაინტერესებულ მხარეთ ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება ისედაც ყოველთვის რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებითი სიმწვავე შესძინოს. სასამართლოს სისტემაში არსებული პროლემების გათვალისწინებით მომდევნო ინსტანციების იმედიც ნაკლებად რჩება. საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასრუველი განვითარების თავიდან აცილების მიზნით ჩვენ, “ეროვნული ფორუმი” საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მივმართავთ: გამოყენოს საქართველს კონსტიტუციითა და კანონმდბელობით მინიჭებული უფლებამოისლება და შეიწყალოს მსჯავრდებულები”, – განაცხადა შარტავამ.
დღეისათვის პრეზიდენტის გავლით შეწყალების ორი ვარიანტი არსებობს, ერთი -როდესაც შეწყალების მსურველები თვითონ მიმართავენ ადმინისტრაციას, რაც გარკვეულ სამართლებრივ პროცედურებთანაა დაკავშირებული. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში ამოწურული უნდა იყოს სასამართლო პროცედურების ვადა.
“საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე”.
ნეტგაზეთი ესაუბრა პრეზიდენტის პრესსპიკერს, ეკა მიშველაძეს იმის შესახებ, ხომ არ იმსჯელა უკვე პრეზიდენტმა “ეროვნული ფორუმის” მიმართვაზე შეწყალებასთან დაკავშირებით. მიშველაძემ გვითხრა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.