” დღეს დადასტურდა ის, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური შეკვეთებისგან გათავისუფლება ვერ მოხერხდა,” – ეს განცხადება “რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით ბერძენიშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის შეფარდების კომენტირებისას გააკეთა.
დავით ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცვლება:
“ჩვენ ამ ადამიანებს დაკავების დღიდან ვუცხადებდით და ვუცხადებთ სოლიდარობას. ჩვენ არ მოვრიდებივართ არც ყოფილ და არც მოქმედ პრემიერს, როცა უმრავლესობის სხდომაზეც, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზეც და მედიაშიც ღიად და მკაფიოდ ვამბობდით ამ თემაზე. იმედი მაქვს, რომ ეს განაჩენი ვერ იქნება საბოლოო განაჩენი.”
სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 16 მაისს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
ადვოკატი აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება და მოსამართლეს “ბრძანების შესრულებაში” ადანაშაულებს.