ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი მორიგი ღია წერილის გამოქვეყნებას გეგმავს

14 მაისი, 2016 •
ბიძინა ივანიშვილი მორიგი ღია წერილის გამოქვეყნებას გეგმავს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 14 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში აპირებს წერილის გამოქვეყნებას, რომელშიც ახსნის, “რას  აპირებს  და როგორ აპირებს”.

“იქ ანგარიშიც იქნება და გეგმებიც, თუ როგორ შეიძლება დავეხმარო განახლებულ პარტიას”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტია “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ.

მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

ქართველი მილიარდერი, რომლის მიერ შექმნილმა კოალიციამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა, თავად კი პრემიერ-მინისტრი გახდა, ცნობილია თავისი ღია წერილებით.

პირველი ღია წერილი მან 2011 წელს გამოქვეყნა და განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას აპირებს. ამის შემდეგ მან არაერთი საჯარო წერილი გამოქვეყნა, მათ შორის 2013 წელს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.

მისი გადადგომის შემდეგ ხელისუფლებას პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების წევრები არაფორმალური მმართველობის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს და ის ქვეყნის არაფორმალური მმართველია.

2015 წლის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.

14 მაისს პარტია “ქართულმა ოცნებამ”  ახალ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩია. განახლდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი