ახალი ამბებირეკლამა

პირატული მასალების განთავსების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

14 მაისი, 2016 •
პირატული მასალების განთავსების წინააღმდეგ ბრძოლა იწყება

საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სამუშაოები დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ მხრივ, საკაბელო და ონლაინ-მაუწყებლობებისთვის გეზის მიმცემი ერთ-ერთი პროვაიდერი, კომპანია „სილქნეტია“, რომელიც დაარსების დღიდან ლიცენზირებული პროდუქციის დანერგვისთვის იბრძვის. როგორც „სილქნეტის“ აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლები აცხადებენ, თავიდანვე გააზრებული ჰქონდათ, რომ მაუწყებლობაში პირატული პროდუქციის გამოყენება საზიანოა როგორც მომხმარებლებისთვის — რამდენადაც უხარისხო პროდუქციას სთავაზობენ, ასევე, ქართული სამაუწყებლო ბაზრის განვითარებისთვისაც — პირატული სამაუწყებლო პროდუქციით პოზიციონირება ლეგალური მასალებით მოსარგებლე კონკურენტებს უდიდეს მატერიალურ ზიანს აყენებს.

არალიცენზირებული პროგრამების ამოღების პროცესი ქართული სამაუწყებლო კომპანიებისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო — ქართული ბაზრისთვის საინტერესო ტელეპროდუქციის კანონიერად ჩვენების უფლებების მოპოვებისათვის მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება მოუწიათ.

ბაზარზე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად „სილქნეტმა“ „კავკასუს ონლაინის“ და სხვა ოპერატორების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რამდენიმეჯერ მიმართეს და ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების მიმართ დავა წამოიწყეს. საუბარია საკაბელო ოპერატორებზე, რომლებიც უფლებების გარეშე ახდენენ ამა თუ იმ პროდუქციის რეტრანსლირებას. დავა დღემდე გრძელდება. ბაზრის ლიდერებს სრულიად გააზრებული აქვთ, თუ რამდენად საზიანოა მაუწყებლობაში პირატული პროდუქციის გამოყენება, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ქართული სამაუწყებლო ბაზრის განვითარებისთვის: მომხმარებლებს უხარისხო პროდუქციით სარგებლობა უწევთ, სხვადასხვა მაუწყებლობების მიერ პირატული პროდუქციით პოზიციონირება კი — ლეგალური მასალებით მოსარგებლე კონკურენტებს უდიდეს მატერიალურ ზიანს აყენებს. იგივე ვითარებაა  გასართობ საიტებზეც.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ www.adjaranet.com – გარდა სხვა საიტების დარღვევებიც შეისწავლა, რომლებმაც გაფრთხილება გაითვალისწინეს და კანონით დაუშვებლად მიჩნეული აუდიოვიზუალური მასალები თავიანთი ვებ-გვერდებიდან აიღეს.

გარკვეული პრობლემები შეიქმნა „აჭარანეტთან“ დაკავშირებით, რის გამოც, ვებ-გვერდზე მომხმარებელთა წვდომა შეიზღუდა ინტერნეტ პროვაიდერების მხრიდან: ვინაიდან „აჭარანეტისგან“ იგივე შპს „სი ჯი ელსისგან“ ვერ მიიღო აუდიოვიზუალური პროდუქციის ინტერნეტში განთავსების და გავრცელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არც მითითებული მასალები აიღო ვებ გვერდიდან, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  არსებული კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს მიმართა.  კერძოდ, დაავალდებულა ინტერნეტ-პროვაიდერები „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ შესაბამისად შემუშავებული მექანიზმების გამოყენებით, „აჭარანეტზე“ არსებულ პირატულ პროდუქციასთან წვდომის განკავშირება ან მთლიანად საიტის შეზღუდვა მოეხდინათ, სანამ ვებ–გვერდის მფლობელის მიერ კანონმდებლობით დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრა არ მოხდებოდა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, „სილქნეტმა“, „მაგთიკომმა“ და „კავკასუს ონლაინმა“ www.adjaranet.com -ზე მომხმარებელთა წვდომა უკვე შეუზღუდეს. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე მარეგულირებელი კომისიის მიერ განსაზღვრული სანქციების ფარგლებში მოქმედებენ და წვდომას  „აჭარანეტის“ მხრიდან აუდიოვიზუალური მასალის განთავსებაზე უფლებების მოპოვებისთანავე აღადგენენ.

საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურ პრობლემატიკას წარმოადგენს. ინტელექტუალური კაპიტალის დაცვა, კერძოდ — მაუწყებლობებში ლიცენზირებული პროდუქციის გამოყენება, ევროკავშირის მიერ დაწესებული ერთ-ერთი აუცილებელი სტანდარტია, რომლის გარეშეც, ქვეყანას ევროინტეგრაციაზე ამბიცია ვერ ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი