კამპანია “ეს შენ გეხებას” კანონპროექტების ინიცირებას დეპუტატები, შალვა შავგულიძე და ვახტანგ ხმალაძე მოახდენენ. ამის შესახებ “ეს შენ გეხებამ” 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც “ეს შენ გეხება” აცხადებს, სურდათ, რომ კამპანიის მიერ მომზადებული კანონპროექტები ასოცირებული არ ყოფილიყო რომელიმე ერთ პარტიასთან და მათი ინიცირება ყველა ფრაქციიდან თითო წევრს მოეხდინა.
“ვინაიდან პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა, კამპანიის მიერ მომზადებული ცვლილებების ყველა ფრაქციის მიერ ერთობლივად ინიცირება, კამპანიამ გადაწყვიტა საკითხის ინიცირება პარლამენტში მოახდინონ ინდივიდუალურმა დეპუტატებმა ვახტანგ ხმალაძემ და შალვა შავგულიძემ, რომლებიც ამავე საკითხზე კანონპროექტების ინიციატორები და ავტორები იყვნენ,”- აღნიშნულია “ეს შენ გეხებას” განცხადებაში.
კამპანიაში შემავალი არასამთავრობოების მიერ მომზადებული კანონპროექტები ითვალისწინებს მოსმენების დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას, სუს-ის საპარლამენტო ზედამხედველობის საბჭოს შექმნასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას.
ამ ეტაპზე, “ეს შენ გეხებას” განცხდებით, შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ მოსმენების დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნასა და საპარლამენტო ზედამხედველობის საბჭოს შექმნის კანონპროექტებზე, ხოლო რაც შეეხება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ინიცირების საკითხს, კონსულტაციები გაგრძელედება პოლიტიკურ ჯგუფებთან.
კამპანიის წევრთა განცხადებით, მათი კანონპროექტი გამომდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 14 აპრილს მღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენების არსებული წესი. ხელისუფლებას სუს-ის რეფორმირებისთვის ვადა 2017 წლის 31 მარტამდე აქვს.
“კამპანიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი სრულად ეხმიანება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის მიზნით კამპანიამ შეხვედრები გამართა, როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან. შეხვედრების ფარგლებში ასევე განიხილებოდა კანონპროექტების ინიცირების შესაძლებლობები,”- აღიშნულია “ეს შენ გეხებას” განცხადებაში.