ახალი ამბები

Georgian Water Powers-ის მომხმარებლები ამბობენ, რომ სასმელ წყალს თევზის სუნი აქვს

13 მაისი, 2016 •
Georgian Water Powers-ის მომხმარებლები ამბობენ, რომ სასმელ წყალს თევზის სუნი აქვს

Georgian Water and Powers-ის მომხმარებლები ფეისბუკზე წერენ, რომ დიდუბის, ვარკეთილის, ჩუღურეთის, დიღმის, ვაზისუბნის, ნაძალადევის, ნაწილში, სპეციფიური სუნის მქონე წყალი მიეწოდებათ.

თბილისის მოსახლეობისთვის წყლის მიმწოდებელი კომპანიის Georgian Water and Powers-ის ფეისბუქის გვერდზე მომხმარებლები წერენ, რომ წყალს, რომელიც ონკანში მოდის, თევზის სუნი აქვს.

“დიღმის მასივში წყალს რაგაც არასასიამოვნო სუნი აქვს. გუშინ შევამჩნიეთ და დღეს დილიდანაც ასეა, იქნებ გადაამოწმოთ. გმადლობ”, – დაწერა ნინო რევიშვილმა 12 მაისს Georgian Water and Powers-ის ფეისბუქის გვერდზე. 

“წყალს რატომ უდის თევზის მძაფრი სუნი ბოლო რამდენიმე დღეა? გადავათვალიერე და ყველა ასეთ პოსტს ერთნაირ პასუხს უკომენტარებთ. იქნებ გადაგემოწმებინათ მაინც წყლის ხარისხი? შეიძლება ას კაცს ეჩვენებოდეს, რომ წყალი ყარს?”, – წერს სოფი ტაბატაძე. 

“ვაიმეე, სამი დღეა აყროლებული წყალი მოდის, არც გემო აქვს ნორმალური და არც სუნი… ეშველება რამე?”, – წერს ლალი ფაჟავა.

“წყალს ვერ ვსვავთ, ისეთი თევზის სუნი ასდის, ხარისხიანს რას ეძახით, თევზები რომ არ მოსდევსს?????”, – წერს თამუნა თამო. 


Georgian Water and Powers კი აცხადებს, რომ წყლის ხარისხის პარამეტრები უცვლელია და სასმელი წყლის ხარისხი დედაქალაქში აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.

კომპანია აცხადებს, რომ სამივე სათავე ნაგებობაზე – არაგვის ხეობაში, სამგორსა და ღრმაღელეში, სუნი, გემო, ფერი და სიმღვრივე აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.

“„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაკონტროლებელი ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მიერ, 24-საათიან რეჟიმში, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ხდება წყლის ხარისხის შემოწმება და ყველა პარამეტრი მკაცრად არის დაცული”, – აცხადებს კომპანია.

GWP აცხადებს, რომ აბონენტის მოთხოვნის შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე –  293 11 11. კომპანიის ლაბორატორიის წარმომადგენლები კონკრეტული მისამართზე აბონენტის ონკანიდან აიღებენ წყლის სინჯს.

მასალების გადაბეჭდვის წესი