ახალი ამბები

გომელაურის განცხადებით, 13 მაისს პარლამენტში ანგარიშის წარდგენას ვერ შეძლებს

12 მაისი, 2016 • 1948
გომელაურის განცხადებით, 13 მაისს პარლამენტში ანგარიშის წარდგენას ვერ შეძლებს

სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ  13 მაისს ვეღარ მოახერხებს პარლამენტში მისვლას და  ანგარიშის წარდგენას.

სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენა პარლამენტში 12 მაისის დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული და თავად გომელაურიც პარლამენტში იმყოფებოდა,  თუმცა დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს. ეს დაასახელეს პარლამენტში იმის მიზეზად, რომ   ვახტანგ გომელაურს  12 მაისს კვლავ არ მოუსმინეს.

„დღეს ერთ-ერთ მთავარ კანონპროექტს განიხილავდნენ და არ ეგონათ, თუ ამდენი დრო დასჭირდებოდა ამ განხილვას. ვერ დასრულდა, ხვალ კიდევ გრძელდება. სამწუხაროდ, მეორედ ჩამოვედი. მე პატივს ვცემ პარლამენტს, კანონებს, ერთხელ ვიყავი ჩამოსული, ახლა მეორედ მომიწია ჩამოსვლა, რათა იყო ათასი მითქმა-მოთქმა, რომ ჩამოვიდა, წავიდა, არ დაესწრო, კიდევ მეორედ ჩამოვედი. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, გუშინწინ ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა, ძალიან კარგი შეფასებები ჩვენი კოლეგა სტრუქტურების პირველი პირებისგან. მინდოდა ესეც გამეჟღერებინა ამ ტრიბუნიდან, რომ ყველას გაეგო, თუ რას ვაკეთებთ, რა მიმართულებით ვმუშაობთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ შედგა დღეს ჩემი პარლამენტში გამოსვლა და ანგარიშის მოსმენა. ხვალ ნამდვილად ვერ მოვახერხებ, შეხვედრები დაგეგმილია, სტუმრები გვყავს, უცხოელები ჩამოდიან. შევეცდები, რომ ჩამოვიდე უახლოეს დროში, ვნახოთ,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირმა ნადირაშვილი “ქართულ ოცნებას” ბრალს სდებს, რომ დღის წესრიგში სუს-ის ანგარიშის მოსმენა სპეციალურად ჩასვეს, რათა ვახტანგ გომელაურის მოსმენა კიდევ ერთხელ გადადებულიყო. ვახტანგ გომელაურმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიტიკურ შეფასებებს არ გააკეთებს.

“მე პოლიტიკურ შეფასებას არ გავაკეთებ. ხალხმა, ვინც უყურა, თვითონ გადაწყვიტოს, სპეციალურად ჩაშალეს თუ არა,“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა პარლამენტში 30 მარტსაც იყო დანიშნული, თუმცა იმ დღეს  კვორუმი ვერ შედგა და სხდომა ჩაიშალა.

ვახტანგ გომელაურის საპარლამენტო ანგარიშს  საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით მოელის სხვადასხვა უწყებებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის არსებობის შესახებ ინფორმაციის და ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ჩანაწერების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი