ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ქართული ოცნება კონკურენციის გარეშეა

12 მაისი, 2016 • 1034
კვირიკაშვილი: ქართული ოცნება კონკურენციის გარეშეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონიდან გამოეხმაურა პაატა ბურჭულაძის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც მან პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე განაცხადა.

“რაც უფრო მეტი პოლიტიკური მოთამაშე იქნება, მე მგონია, რომ მით უფრო კონკურენტუნარიანი გარემო იქნება. მაინც ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება კონკურენციის გარეშეა და სერიოზული უპირატესობა გააჩნია, რაც ძალიან კარგად დადასტურდება არჩევნებზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ბურჭულაძის დღევანდელ წერილში გახმიანებულ ბრალდებას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, კვირიკაშვილმა უპასუხა:

“არაფორმალურ მმართველობას რას ვეძახით, არ ვიცი. თუ ჩვენ ამას ვეძახით იმას, რომ სხვა ქვეყნებიდან იმართება ზოგიერთი პარტია საქართველოში, შეიძლება რომ დავეთანხმოთ. რაც შეეძლება სხვა მხრივ, საქართველოს მთავრობა იღებს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში და ამ შეკითხვის და არც ამ ბრალდების ადრესატი ნამდვილად არ არის ქართული ოცნება”.

შეკითხვაზე, თუ რომელი პარტიები იმართებიან სხვა ქვეყნებიდან, კვირიკაშვილმა უპასუხა:

“მე მგონია, რომ ამას თქვენც კარგად ხვდებით. ნუ, არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ფაქტია, რომ იმართება საქართველოს ფარგლებს გარედან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი