ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, გიორგი აბაშიშვილი იმხელა ფიგურა არ არის, რომ მას სერიოზულად გასცეს პასუხი.
“საერთოდ, პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, პრეზიდენტი არ არის. აბაშიშვილი იმხელა ფიგურა არ არის, რომ მას სერიოზულად პასუხი გავცე. თუმცა, რადგან მას უთქვამს, რომ რესპუბლიკელებს რაღაც ახასიათებს, ეტყობა იცის იმიტომ, რომ თვითონ ახალგაზრდა რესპუბლიკელების ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო და ძალიან კარგად ვიცი, რა ბიოგრაფია აქვს. ეს განცხადებები სერიოზული არ არის და საერთოდ, ეს კურსი არ არის სწორი. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას აგინებს და ვისი პრეზიდენტია, აღარ ვიცი. მან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მას გავაკრიტიკებთ, ვეტოსაც დავძლევთ, მაგრამ მან ჩვენთან უნდა ითანამშრომლოს.”
მისივე თქმით, “რესპუბლიკელებს” რჩებათ აზრი, რომ პრეზიდენტი უმადურია:
“მას ყველაფერი უნდა დაენახა, თუ რა გააკეთა მისი ინსტიტუტის გადასარჩენად დათო უსუფაშვილმა და “რესპუბლიკურმა” პარტიამ. არ დაინახა, და ჩვენ დაგვრჩა აზრი, რომ უმადურია. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის პოლიტიკაში არავინ იყო და ერთ დღეში პირველი პირი გახდა. ეს ექსპერიმენტი არ იყო გამართლებული და არ იყო სწორი. თუ აბაშიშვილს ჰგონია, რომ რაღაც თანამდებობაზეა და ამიტომ ბრძნულს იტყვის, დიდი ბოდიში. მისი დონე მის განცხადებებს არ შეესაბამება.”
ბერძენიშილის აზრით, პრეზიდენტი საკუთარ უფლებებს არ იცნობს:
“პრეზიდენტმა პარტიებისა და ხალხის პატივისცემა უნდა ისწავლოს. მარტო ხუხაშვილის, აბაშიშვილის და ჩიხრაძის სიყვარული არ არის პრეზიდენტობა. ის თავისი კომპეტენციის ზღვარს მიღმაა და პროცესებს ვერ მართავს, საკუთარ უფლებებს არ იცნობს და უკვირს, რომ ვიღაცამ ვეტო დაუძლია. სულ არ არიან პოლიტიკის კეთების აზრზე, როგორც ჩანს. როგორი პრეზიდენტიც მარგველაშვილია, ისეთი თანაშემწე ჰყავს აბაშიშვილიც. ის მაინც ვიცი, ვინ, ვინ არის და ძალიან უცნაურია, რომ აბაშიშვილი რესპუბლიკურ პარტიაზე ლაპარაკს ბედავს. ჩვენ 38 წლის პარტია ვართ, აბაშიშვილი კი ერთი წლის პოლიტიკოსიც არ არის. გაიზრდება და რაღაცას ისწავლის ალბათ, თუმცა, მეეჭვება,”-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
10 მაისს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაპირისპირებულ პოლიტიკურ ფიგურებსა თუ ჯგუფებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს:
“ნაკლებად ვაფასებ ხოლმე ამ პროცესებს ან ამ დინამიკას. მე მაინც მოვდივარ იმ პოლიტიკური გამოცდილებით, როდესაც “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური გუნდი, ერთიანი იყო. ამ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებაში ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები არ არის ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის. იგივე პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე, იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, რომ თურმე დეპუტატი პრეზიდენტის დაძახილზე პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს [როდესაც სხდომას მოიწვევს], ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც პრინციპულად მიპირისპირდებოდა, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა და საპრეზიდენტო გამოსვლებზე იყო საუბარი, ეს არის გუნდი, რომელიც ხშირად საქართველოს პარლამენტში ჩემს ადგილს ვერ ხედავდა, ქართული ოცნების წარმომადგენელი და რესპუბლიკელი დეპუტატი ერთად ქმნიდნენ იმ კანონს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში. ეს გუნდი უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდან.”
დღეს კი პარლამენტში მისულმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშივილმა ჟურნალისტებთან საუბარში ასევე გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტია.