ახალი ამბები

აუდიტის სამსახური ბურჭულაძის ფონდის ფინანსების გასაჯაროებას მოითხოვს

12 მაისი, 2016 •
აუდიტის სამსახური ბურჭულაძის ფონდის ფინანსების გასაჯაროებას მოითხოვს

მას შემდეგ, რაც პაატა ბურჭულაძემ პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა, მისი ორგანიზაციის საქმიანობით სახელმწიფო აუდიტი დაინტერესდება. თუმცა მარტში ბურჭულაძის ფონდმა აუდიტის სამსახურს მისწერა, რომ პოლიტიკური მიზნები არ ჰქონდა.

რა ღონისძიებებს გაატარებს აუდიტის სამსახური ფონდის მიმართ – ამის შესახებ “ნეტგაზეთი” სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს, ზურაბ აზნაურაშვილს ესაუბრა:

ხომ არ აპირებს აუდიტის სამსახური დააჯარიმოს პააატა ბურჭულაძის ფონდი იმიტომ, რომ თავდაპირველად მათ თქვენ გითხრეს, რომ არ აპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

დაჯარმების საშუალება არ არის, ჩვენ უბრალოდ ვეცდებით, რომ ყველა ის ხარჯი, რაც მათ ამ მიზნისთვის თუნდაც მანამდე ხორციელდებოდა და  იყო მცდელობა, თუ არის მცდელობა, რომ დაიმალოს, ვეცდებით, რომ გავასაჯაროოთ იმიტომ, რომ იყოს ყველანაირი ფინანსები, ასე ვთქვათ, საჯარო და თანასწორი გარემო რომ შევინარჩუნოთ. იმიტომ, რომ დღეს ეს გადაწყვეტილება არ მიღებულა, ჩემი აზრით, აშკარაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ დოკუმენტაცია, ანგარიშები, შემოსავლები, ხარჯები იყოს საჯარო – მთავარი მიზანი ეს არის. დაჯარიმებას ეს არ ითვალისწინებს, თუ, მაგალითად, არ მოხდება კიდევ რაღაც შეფერხება და უარის თქმა ინფორმაციის გასაჯაროებაზე, მაგალითად, ამ განცხადების შემდგომაც.

აქ ისმის კითხვა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია თქვას, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, გახსნას ოფისები, დაიქირაოს თანამშრომლები, რამდენიმე თვით ადრე თქვას, რომ – კი, მივიღებ მონაწილეობას. აუდიტის სამსახურს რა მექანიზმები აქვს იმისთვის, რომ მანამდე დახარჯული თანხების წარმომავლობა შეამოწმოს?

ჩვენ უნდა გამოვითხოვოთ ინფორმაცია, პირველ რიგში, მათ უნდა ვთხოვოთ ეს ინფორმაცია. თუ ამ ინფორმაციას დაგვიმალავენ, ეს შეიძლება იყოს დაჯარიმების საშუალება და სასამართლოს წესით შეიძლება მოხდეს ამის აუდიტის მიღება, თუ ჩვენ არ მოგვცემენ ამის საშუალებას. ოპტიმისტურად ვარ, რომ მოგვცემენ ამ ინფორმაციას და გაასაჯაროებენ. ჩვენ უნდა მივმართოთ ხვალ მათ და ვნახოთ, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, რეგულაციები უნდა გავრცელდეს, ეს ცალსახაა და თვითონაც ხვდებიან, რომ უნდა გავრცელდეს და უნდა გასაჯაროვდეს შემოსავლებიც და ხარჯებიც. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროები იმიტომ, რომ ფონდი ფინანსდებოდა სავარაუდოდ კერძო შემოწირულობებით და თუ პარტიისთვის დადგენილია შეზღუდვები, მათთვისაც უნდა იყოს ეს შეზღუდვები. ეს არის ცოტა ორაზროვანი, ლიმიტებს ვგულისხმობ.

ფინდს თუ შესწირეს 60 000 ლარზე მეტი, ფონდს მოუწევს იმის მტკიცება, რომ ეს უშუალოდ ფონდის მიზნებისთვის იყო გამოყენებული, თუ პარტიის მიზნებისთვის? თუ ნებისმიერი  თანხა თქვენი სამსახურის მიერ პარტიის მიზნებისთვის გამოყენებულად ჩაითვლება?

ნებისმიერი შეიძლება ვერ ჩაითვალოს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ კავშირი მოქმედი ფონდის საქმიანობასა და პოლიტიკურ კამპანიას შორის. ამ კავშირის დამტკიცება ტექნიკურად, სამართლებრივად რომ მოხდება, შემდგომ მოხდება ამ ხარჯების იდენტიფიცირება და გამიჯვნა. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, ყველა ხარჯი საარჩევნო უნდა იყოს, ერთი შეხედვით, მაგრამ შეიძლება იყოს რამე გარკვეული ხარჯი, რომელიც არ ემსახურებოდა ამ მიზანს. მაგალითად, შესაძლოა ტრენინგებს ატარებდნენ, ეს თუ საზოგადოებისთვის იყო – მაშინ შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუ თანამშრომლებისთვის ტრენინგი იყო, მაშინ აშკარაა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის ატრენინგებდენ თანამშრომლებს.

რამდენი თვის მონაცემებს გამოითხოვთ ფონდიდან, ინფორმაციის გამოთხოვა ფონდის შექმნის დღიდან მოხდება?

ეს უნდა მოვიფიქროთ. დამოკიდებულია სუბიექტზე, თვითონ ახლა შექმნეს ახალი სუბიექტი. ამ ახალი სუბიექტის მიმართ ხვალიდანვე ჩაირთვება გამჭვირვალობის პრინციპები, რაც უნდა გავრცელდეს ახალ სუბიექტზე. ძველ ფონდზე უნდა გადაწყდეს და გამოჩნდეს, მაგას ზუსტად ვერ გეტყვით.

ანუ, ჯერ დადგენილი არ არის, შემოწმდება თუ არა ფონდი? სწორედ ფონდმა გახსნა, მაგალითად, ოფისები რეგიონებში, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს პარტიის საქმიანობისთვის.

ჩემი აზრით, ეგ უნდა შემოწმდეს და ვაპირებთ, რომ შემოწმდეს, ოღონდ პერიოდს გააჩნია, ეს სამართლებრივად როგორ მოხერხდება. შეიძლება დღეიდან შემოწმდეს, შეიძლება ძველი პერიოდიც შემოწმდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოვახერხებთ იმის დამტკიცებას, რომ ეს ძველი პერიოდი ემსახურებოდა ასევე საარჩევნო მიზნებს, რომელიც აღიარებული არ არის. კანონში პირდაპირი ჩანაწერია, სამწუხაროდ, რომ ეს უნდა იყოს საჯაროდ დაფიქსირებული  მიზანი არჩევნებში მონაწილეობისთვის და აქამდე ამიტომ ვერ მოხერხდა ამ ხარჯების გასაჯაროება.

ანუ, ბუნდოვანი რჩება საკითხი, შემოწმდება თუ არა ფონდი. რა ვადაში გადაწყდება? 

ეს უნდა გადაწყდეს სამართლებრივად – ახალი ფონდი როგორ შეიქმნება, როგორ მოხდება ამ ძველი ფონდის რესურსების, თუნდაც ნაქირავები ოფისების გადაცემა ახალ ფონდზე. ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული.

აუდიტის სამსახურს მოუწევს დამტკიცება, რომ თანხები გამოყენებულია პოლიტიკური მიზნებით, თუ ფონდს მოუწევს იმის მტკიცება, რომ თანხები არ არის გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის?

ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ და თუ არ დაგვეთანხმებიან, სასამართლოში მერე უკვე მოგვიწევს საწინააღმდეგო არგუმენტების წარმოდგენა. ისე, ჩვენი დასამტკიცებელია, რომ ეს კავშირში იყო სამართლებრივად თუ ფაქტობრივად.

მასალების გადაბეჭდვის წესი