ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე განვითარების ფონდის პრეზიდენტობას ტოვებს

12 მაისი, 2016 • 1210
პაატა ბურჭულაძე განვითარების ფონდის პრეზიდენტობას ტოვებს

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ “საქართველოს განვითარების ფონდმა” გაავრცელა განცხადება, რომ ბურჭულაძე ამ ფონდის პრეზიდენტობიდან გადადგა და ორგანიზაციას სათავეში მერაბ ტყეშელაშვილი ჩაუდგება.

“საქართველოს განვითარების ფონდის” გვერდს ფეისბუკში უკვე შეეცვალა სახელწოდება და მას ეწოდა “მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის”.

საჯარო რეესტრში მართლაც არის შესული განცხადება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტობიდან გათავისუფლდეს პაატა ბურჭულაძე, რაც რეესტრმა არ დააკმაყოფილა 11 მაისს: “საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს”, – ნათქვამია რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შესაბამისად, ოფიციალურად, ჯერ ისევ პაატა ბურჭულაძე რჩება “საქართველოს განვითარების ფონდის” პრეზიდენტად. თუმცა ბურჭულაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ პოლიტიკაში მიდის. მას არ დაუკონკრეტებია, რა სახელწოდებით იფუნქციონირებს მისი ახალი პოლიტიკური პარტია, თუმცა მისი ფონდის ფეისბუკის გვერდზე შეცვლილი სახელწოდებაა “მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისათვის”. ახალი პოლიტიკური გაერთიანება ჯერ ასახული არ არის პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი