ახალი ამბები

ტედ პო: აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე

12 მაისი, 2016 •
ტედ პო: აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე

კონგრესმენმა ტედ პომ 11 მაისს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის საქართველოსთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩვენს, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის ლიდერი ქვეყნის, ეროვნულ ინტერესებშია მსოფლიოს სხვა ერებისთვის იმავე თავისუფლებისა და უფლებების უზრუნველყოფა, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ. საქართველო არის პატარა და ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანა ისეთ რეგიონში, რომელიც უფრო ავტორიტარული მმართველობით არის ცნობილი, ვიდრე თავისუფლებით”, – განაცხადა პომ.

კონგრესმენის თქმით, 2008 წელს, როცა რუსულმა ჯარმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების მესამედის ოკუპაცია, საქართველოში იყო:

“მე ვუყურებდი გორაკებზე აგორებულ რუსულ ტანკებს და მერწმუნეთ, ბატონო თავმჯდომარევ, რუსეთს არ მოსწონს საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ. საქართველომ ეფექტური მმართველობა თავისი რეფორმების ქვაკუთხედად აქცია, უზრუნველყო ეკონომიკური ზრდა და მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე”.

კონგრესმენმა მიმოიხილა საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ პრესის თავისუფლების კუთხით საქართველო ლიდერია რეგიონში, მისი თმით, საქართველო ასევე ლიდერობს ბიზნესისა და თავისუფალი ბაზრის კატეგორიებშიც.

“ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის თანახმად, ქართველთა ¾-ზე მეტი მხარს უჭერს მთავრობის მიზანს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ქართველთა თითქმის 70% მხარს უჭერს ნატოში გაწევრებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა პომ.

კონკრესმენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები და გახმიანდეს გზავნილი, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული მეგობარი.

“გარდა ამისა, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთის მისიებში ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავს. ავღანეთში, სადაც ამერიკელი კოლეგების გვერდიგვერდ იბრძოდა და დაიღუპა 33 ქართველი, დღესაც მსახურობს 900 ქართველი სამხედრო პირი. საქართველო ემზადება ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნებისთვის, რომლის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნითაც ქართველებმა მიიწვიეს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა მათ განახორციელონ ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და მის საზღვრებს პატივისცემით უნდა მოეპყრას ყველა, თავად პუტინიც კი. რუსეთმა კარგად იცის, რომ საქართველო არის რეგიონში დემოკრატიის სიმბოლო. სწორედ ამიტომ აგრძელებს პუტინი იარაღის ჟღარუნს მთელ რეგიონში. დიქტატორმა პუტინმა იცის, რომ თუკი საქართველო იქნება წარმატებული დემოკრატიის მაგალითი, საქართველოს მეზობლებსაც გაუჩნდებათ მიბაძვის სურვილი და უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ სწრაფვა”, – განაცხადა კონგრესმენმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი