საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ დეპრატამენტთან ერთად, თბილისში მოქმედ 10 მსხვილ, მრავალპროფილურ კლინიკაში მონიტორინგი ჩაატარა. კვლევა სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციური კონტროლის ხარისხის შეფასებას ისახავდა მიზნად და რამდენიმე ასპექტისგან შედგებოდა. ამ თემებზე დღეს ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მისი მოადგილე ნინო ბერძული შეხვდნენ.
ნინო ბერძულის თქმით, კვლევა ორი ბლოკისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი ეხებოდა შენობის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას, სათავსების სისუფთავეს, სტაციონარის ეზოს მდგომარეობის, სამედიცინო ნარჩენების მენეჯმენტისა და თეთრეულისა და საწოლის აღჭურვილობის შეფასებას.
ამ კუთხით პრობლემური აღმოჩნდა თეთრეულის და საწოლის აღჭურვლობის კონტროლის საკითხი. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ კრიტერიუმებს მხოლოდ კლინიკების 30% აკმაყოფილებს. 10-დან 7 შესწავლილ კლინიკაში არ ხდება სუფთა და ჭუჭყიანი თეთრეულის მიღებისა და გაცემის ადგილების გამიჯვნა. გარდა ამისა, კლინიკები ვერ უზრუნველყოფენ ჩვილებისთვის განკუთვნილი თეთრეულის იზოლირებულად რეცხვას.
კიდევ ერთ პრობლემას სამედიცინო ნარჩენების კონტროლი წარმოადგენს. ბერძულის თქმით, ამ მიზნით სამედიცინო დაწესებულებებს შენობის გარეთ გამოყოფილი უნდა ჰქონდეთ მოასფალტებული ტერიტორია, სადაც განთავსებული იქნება სპეციალური კონტეინერები ამ ტიპის ნარჩენების შესაგროვებლად, რასაც გამოკვლეული დაწესებულებებიდან მხოლოდ 4 ასრულებდა. რაც შეეება შენობის მდგომარეობის შეფასების სხვა კრიტერიუმებს, როგორიცაა სათავსების სისუფთავე და სამედიცინო დაწესებულების გამართული წყალმომარაგება, 10-დან 8 დაწესებულება დამაკმაყოფილებლად ართმევს თავს.
კვლევის მეორე ნაწილი ინფექციური კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას შეეხება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველა კრიტერიუმს ან ნაწილში მხოლოდ ერთი გამოკვლეული კლინიკა აკმაყოფილებს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებს კანონი ავალდებულებს, ფუნქციონირებდეს ინფექციათა კონტროლის დეპარტამენტი, რასაც ისინი ასრულებენ. თუმცა ინფექციათა კონტროლის გეგმა, რომელიც ინფექციათა გავრცელების პრევეცნიის კუთხით მნიშნველოვანი ნაბიჯია, 10 შესწავლილი დაწესებულებიდან მხოლოდ 4-ს გააჩნია. გარდა ამისა, კანონი კლინიკებს ავალდებულებს, აღრიცხონ ინფექციათა გავრცელების შემთხვევები და აცნობონ შესაბამის უწყებას, რასაც 10-დან 5 კლინიკა ახორციელებს.
ნინო ბერძულმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთოება. ამ კუთხით ყველა კრიტერიუმი ორმა სამედიცინო დაწესებულებამ დააკმაყოფილა. დანარჩენ 8 დაწესებულებაში კი საკმარისი რაოდენობით არ გააჩნიათ პერსონალის პირადი უსაფრთხოების დამცავი მოწყობილობები (ხელთათმანები, პირბადეები, თვალის დამცავი მოწყობილობები). გარდა ამისა, 5 კლინიკაში სამედიცინო პერსონალი, რომელსაც შეხება აქვს მაღალი რისკის მქონე განყოფილებებთან, არ არის აცრილი B ჰეპატიტზე.
“ჯერჯერობით ვცდილობთ მხარდამჭერი პოზიცია გვქონდეს და სამედიცინო დაწესებულებებს გავაცნოთ დებულებები, რომლებიც შემუშავებულია ამ კუთხით. რიგი დებულებები 2015 წლის სექტემბერში შევიდა ძალაში და 6-7-თვიანი ვადა შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისი. ამიტომ ასეთი ტიპის ინტერვენცია, რომელიც განხორციელდა ჩვენი მხრიდან, კარგია, რომ მოხდეს მათი გაცნობა, რას გულისხმობს პრევენცია და კონტროლი ინფორმაციის, და შემდეგ უფრო აქტიურ ფაზაზე გადავალთ,” – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
კვლევა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ის მოიცავდა როგორც სამედიცინო პერსონალის გამოკითხვას თბილისში არსებულ 10 მრავალპროფილურ კლინიკაში, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას და ადგილზე დაკვირვებას. კრიტერიუმებად კი იმ ნორმატიული აქტებისა და დებულებების შესრულება დასახეს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს გამოცემული. გარდა ამისა, კვლევაში ასახული იყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაც. ნინო ბერძულის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის მიდევ9თ, დაახლოებით 175 მოთხოვნაა გარემოსა და სათავსების შეთავსების კუთხით, ინფექციათა კონტროლის მხრივ კი საერთაშორისო გამოცდილება 145 მოთხოვნას აყენებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კითხვარში საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული კრიტერიუმების 30-30%-ით აისახა.
ჯერჯერობით გამოკვლეული 10 კლინიკის შესაებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს პრობლემების აღმოსაფხვრელად ვადას აძლევს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, უახლოეს მომავალში სამინისტროში გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც კლინიკებს არსებულ სტანდარტებს გააცნობს და მათ შესრულებაში დაეხმარება. ამის შემდეგ კი სამინისტრო პორტალის შექმნას გეგმავს, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მოიძიონ ინფორმაცია ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაზე, დატოვონ საკუთარი კომენტარი, რათა გაუადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ კლინიკის შერჩევისას. დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად გეგმვს საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა სამედიცინო დაწესებულების შესწავლას და მათ შესახებ დეტალური ინფორმაციის ხელმისავდომობის უზრუნველყოფას.