საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაპირისპირებულ პოლიტიკურ ფიგურებსა თუ ჯგუფებს შორის ის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თამაზ მეჭიაურის (და მისი მხარდამჭერების) და რესპუბლიკელებს შორის არსებულ დაპირისპირებას შეეხებოდა. ჟურნალისტმა პრეზიდენტისგან ამ პროცესის შეფასება ითხოვა:
“ნაკლებად ვაფასებ ხოლმე ამ პროცესებს ან ამ დინამიკას. მე მაინც მოვდივარ იმ პოლიტიკური გამოცდილებით, როდესაც “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური გუნდი, ერთიანი იყო. ამ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებაში ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები არ არის ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის. იგივე პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე, იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, რომ თურმე დეპუტატი პრეზიდენტის დაძახილზე პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს [როდესაც სხდომას მოიწვევს], ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც პრინციპულად მიპირისპირდებოდა, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა და საპრეზიდენტო გამოსვლებზე იყო საუბარი, ეს არის გუნდი, რომელიც ხშირად საქართველოს პარლამენტში ჩემს ადგილს ვერ ხედავდა, ქართული ოცნების წარმომადგენელი და რესპუბლიკელი დეპუტატი ერთად ქმნიდნენ იმ კანონს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში. ეს გუნდი უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდან… ასე რომ, ჩემთვის რაღაც დიდი დიფერენციაცია და რაღაც პრინციპებზე კამათს ეს არ წარმოადგენს. ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას ამ პროცესს. ერთადერთი შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ პოლიტიკურ ორწლიან პროცესში ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი და მანამდეც შესაძლებელი იყო კონსტრუქციული დიალოგი (დღესაც შესაძლებელია და, იმედია, მომავალშიც ასე იქნება) არის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არასდროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი თუ როგორც ვიცეპრემიერი. დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო. ამ პროცესს თავისი ისტორია აქვს. როცა შენს პრინციპებს მეთოდურად ღალატობ, ბუნებრივია, უკან გიბრუნდება ხოლმე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.