ახალი ამბები

სექსუალური შევიწროება შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს

10 მაისი, 2016 •
სექსუალური შევიწროება შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს

სექსუალური შევიწროება შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი მიმართავენ.

კანონპროექტის მიხედვით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება, რომელიც შრომითი ურთიერთობებისას სექსუალურ შევიწროებას ეხება. კერძოდ,  ცვლილებების თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს 1000 ლარით დაჯარიმებას.

სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის სექსუალური შევიწროება 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს,  ხოლო წლის განმავლობაში დანაშაულის გამეორებისთვის 2500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

თუმცა პროექტით სექსუალური შევიწროება მხოლოდ სამუშაო ადგილზე არ დაისჯება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 166-ე პრიმა მუხლი ემატება, რომელიც შევიწროებისთვის 500-ლარიან ჯარიმას აწესებს, წლის განმავლობაში იმავე ქმედებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

კანონპროექტის მიღების მიზანია სექსუალური შევიწროების პრევენცია, მათ შორის, დასაქმების ადგილზე. განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების მიზეზს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. კერძოდ, ევროსაბჭოს “ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” სტამბოლის კონვენცია, რომელსაც საქართველომ ხელი 2014 წლის ივლისში მოაწერა.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიურომ დღეს, 10 მაისს დაარეგისტრირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი