თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში სხდომას 17 მაისს დაესწრება. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის ინფორმაციით, უმრავლესობასთან კონსულტაციის საფუძველზე მერმა გადაწყვიტა, რომ შემდეგ კვირაში სხდომას დაესწროს.
“უმრავლესობას არ აქვს მერთან კითხვები, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ქალაქს სჭირდება განვითარება და ჩვენ ვუჭერთ მხარს იმ პროექტს, რომელიც ქალაქს განავითარებს,”- აცხადებს ალიბეგაშვილი.
დავით ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე მისვლას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ნარმანიამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰექტარის ჩამოჭრისა და 30 ჰექტარი მიწის გაყიდვის შესახებ.
მერი რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას დეკემბრამდე არ გეგმავდა. ამ პოზიციის გამო ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა. უსუფაშვილის თქმით, ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოსა და პარლამენტს, მერე დიდ წარმატებებს ვეღარ აღწევდა.