ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნები თბილისის მერს

6 მაისი, 2016 •
პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნები თბილისის მერს

ყველაზე მეტად გამაოცა დავით ნარმანიას პოზიციამ იმის თაობაზე, რომ დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს თბილისის პარლამენტში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.

უსუფაშვილის თქმით, ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოსა და პარლამენტს, მერე დიდ წარმატებებს ვეღარ აღწევდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დედაქალაქის მერს ურჩევს, გაითვალისწინოს “ბევრი რამ”.

“ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგის და მეგობრის, დავით ნარმანიას პოზიციამ იმის თაობაზე, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. [ნარმანიას] ამ განცხადების გამო, უბრალოდ, გავოცდი. მე მინდა ვთხოვო და ვურჩიო დავითს, რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ; თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია. ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს, მერე იმ მინისტრებს თუ პრემიერ-მინისტრებს დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი ისტორია და არ ჩავალ დეტალებში. ყველა საკითხზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით ნარმანიამ 5 მაისს განაცხადა, რომ გამონაკლისს არ დაუშვებს და თბილისის საკრებულოში რიგგარეშედ არ მივა. დედაქალაქის მერი საკრებულოში მისვლას დეკემბრამდე არ აპირებს.

თბილისის საკრებულოში ნარმანიას მისვლის მოთხოვნა ალეკო ელისაშვილმა დააყენა. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს თბილისის ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰექტარის ჩამოჭრისა და 30 ჰექტარი მიწის გაყიდვის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი