ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით დღეს, 9 მაისს, თბილისში, ვაკის პარკში მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. მათ იქ გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის მემორიალი.
“9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე და ჩვენ, ქართველებმა, რაოდენობრივად პატარა ერმა, შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ საქართველომ და ქართველებმა შეიტანეს. ყველას გილოცავთ ამ დღეს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ეს არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო, ათობით მილიონი ადამიანის გმირობის მაგალითი, რომლის მსგავსი არავის ახსოვს. ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად, შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით არის. სახელმწიფოს ვალია, მაქსიმალურად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ ის მადლიერება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ვაკის პარკში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა. მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი გმირობის დაფასება სახელმწიფოს მოვალეობაა.