ახალი ამბები

RMG-ის კონტრაქტორები “ქართული ოცნების” შემწირველებად

4 მაისი, 2016 •
RMG-ის კონტრაქტორები “ქართული ოცნების” შემწირველებად

მიმდინარე წლის აპრილში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მსხვილ შემწირველებს შორის არიან კომპანია RMG-ის კონტრაქტორი ფირმის – შპს “ჯორჯიან ენერჯის” წარმომადგენლები.

ამ ფირმის 10%-ის მფლობელმა ჰასან ბაირაქთარმა “ქართულ ოცნებას” 15 ათასი ლარი შესწირა; ამას გარდა, ჰასან ბაირაქთარი არის შპს “ა.მ.ბ.”-ს (კომპანია ქვა-ღორღის გადამამუშავებელ საწარმოო ხაზსა და ასევე, ასფალტ-ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობათა ქარხნებს აერთიანებს) 100%-იანი წილის მფლობელი, ხოლო ამ კომპანიამ, თავის მხრივ, სამთავრობო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი საწარმო აამუშავა, საინვესტიციო მოცულობით 820,000 აშშ დოლარი.

ბიჭიკო პაიკიძემ, რომელიც შპს “ჯორჯიან ენერჯის” წილის 25%-ს ფლობს – 12 ათასი ლარი. კომპანიის დირექტორმა და ამავე დროს 40% წილის მფლობელმა “ქართულ ოცნებას” 10 ათასი ლარი შესწირა.

ამავე კომპანიის ამონაწერის მოსამზადებლად საჯარო რეესტრისთვის განცხადებით აქვთ მიმართული “ქართული ოცნების” კიდევ ორ შემწირველს – დავით კაპანაძესა და ზაზა ჭაბუკიანს. კაპანაძემ “ოცნებას” 8 ათასი ლარი შესწირა, ჭაბუკიანმა კი – 9 ათასი ლარი. ამას გარდა, ორივე მათგანს ერთობლივად აქვთ მინიჭებული დირექტორის უფლებამოსილება “მუნიციპალური განვითარების ცენტრში”.

ჯამში, RMG-ის კონტრაქტორი ფირმის ზემოთ აღნიშნულმა წარმომადგენლებმა “ქართულ ოცნებას” აპრილის თვეში 54 ათასი ლარი შესწირეს.

შპს “ჯორჯიან ენერჯი” ერთ-ერთი იყო იმ 20-მდე კომპანიას შორის, რომლებმაც, როგორც RMG-ის კონტრაქტორებმა, 2014 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირეს ამ კომპანიას საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე წარმოების აღდგენაში.

“ჩვენ ვითხოვთ ლიცენზიის გაგრძელებას და RMG-ისთვის საქმიანობის გაგრძელების უფლებას იმიტომ, რომ RMG-ისთვის სამუშაოების შეწყვეტა გამოიწვევს ძალიან ბევრი კომპანიის, პირადად ჩვენი კომპანიის ცუდ შედეგს,” – განაცხადა მაშინ “ჯორჯიან ენერჯის” წარმომადგენელმა. “ჯორჯიან ენერჯი” RMG-ის მაშინ ტექნიკით ამარაგებდა.

არის თუ არა ამჟამადაც “ჯორჯიან ენერჯი” “არემჯის” კონტრაქტორი და კონკრეტულად რა სახის მომსახურებას ყიდულობს მისგან, ამ კითხვაზე “არემჯის” წარმომადგენელმა ასე გვიპასუხა: “ჩვენი კონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ამიტომ მიმართეთ თავად იმ კომპანიას”. კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ იმის გამო, რომ მითითებული ტელეფონი ამ დროისთვის გათიშულია.

RMG (Rich Metals Group) – ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამთო-მოპოვებითი საქმიანობით არის დაკავებული. კომპანიები „არემჯი გოლდი“ და „არემჯი კოპერი“ სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით).

კომპანია „არემჯის“ მიერ საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებას საპროტესტო აქციებით ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების ნაწილი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმის გამო, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მაგრამ 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა, ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

RMG Gold-ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, “ქართულმა ოცნებამ” აპრილში 149 020 ლარი მიიღო შემოწირულობების სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი