რა საკითხზე მოხდა შეთანხმება, რაზე გრძელდება და რას ელის ვენეციის კომისია ამ მოლაპარაკებებიდან?
პრესკონფერენციის დასაწყისში, რომელსაც ვენეციის კომისიის წევრი, კომისიის მდივანი თომას მარკერტი წარუძღვა, მოკლედ შეჯამდა ყველა ის აქტუალური საკითხი, რაზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად კეთდებოდა შეფასებები, განცხადებები.
საარჩევნო ადმინსიტრაციის, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების, ადმინისტრაციული რესურსების შეზღუდვის, საჩივრებისა და დავების გადაწყვეტის საკითხები კომისიის წევრთა მიერ ყველა მხარესთან შეხვედრაზე იყო დასმული.
“პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის წარმოდგენილი პროექტი, რომელიც დღეს არსებობს, საბოლოო არ არის. თქვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული ასპექტები იმ კრიტიკული შენიშვნებისა, რაც ჩვენ უკვე გვქონდა გამოთქმული ამ ახალ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ამ ახალ კანონპროექტში არ არის მოწესრიგებული. ეს ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა პატიმრების საარჩევნო უფლება, ასევე, დამოუკიდებელ კანდიდატთა მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, კანონპროექტში კონკრეტული ზომები არ ჩანს, რომელიც უზრუნველყოფდა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას. ამ არეალში ვგულისხმობ ევროსაბჭოს ფარგლებს, საქართველოს შემთხვევაში ქალთა წარმომადგენლობა ერთ–ერთი დაბალია,” – აღნიშნა მარკერტმა.
რაც შეეხება პრესკონფერენციის მეორე ნაწილს, ის კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეკითხვას, თუ როგორია ვენეციის კომისიის წევრების მოსაზრება სახელმწიფოს ინიციატივაზე იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით, ბატონმა მარკერტმა განაცხადა:
“ჩვენამდე ასეთი ინფორმაცია არ მოსულა, რომ იურდიულ პირებს აეკრძალოთ პარტიების დაფინანსება. თუმცა ამ მხრივ ერთიანი პრაქტიკა ევროპის სახელმწიფოებში არ არსებობს და ამგვარი აკრძალვების დაწესება ცალკეული ქვეყნების გადასაწყვეტია.”
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პალიკო კუბლაშვილის განცხადებით, იურიდიული პირების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ნაწილში გარკვეული შეთანხმება უკვე არსებობს.
“იურიდიული პირების მიერ საარჩევნო კამპანიის დაფინანსების ნაწილში გარკვეული შეთანხმება უკვე გვაქვს. ანუ აქ აღარ იქნება ისეთი დაშვება, რომ ის საწარმოები, სადაც სახელმწიფოს აქვს 50 –პროცენტიანი წილი, იყვნენ დამფინანსებლები. ამაზე შეთანხმებას უკვე მივაღწიეთ. რაც შეეხება გუბერნატორებს, ამ ნაწილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ გუბერნატორები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეხვედრაზე კომისიის წევრებმა საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალისა და მარკირების აკრძალვის ნაცვლად ბიომეტრული პასპორტების გამოყენების აუცილებლობაზე გააკეთდეს აქცენტი, თუმცა, მათივე განცხადებით, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა.
“ჩვენ ყოველთვის გვაწუხებდა, რომ საარჩევნო უბნებზე კამერების დაყენება გარკვეულწილად გამოიწვევდა ამომრჩეველთა შეშინებას და ასევე გარკვეული ხარვეზები არსებობდა მარკირებასთან დაკავშირებითაც. ალბათ ამ მიმართულებით სხვა გზები და მიმართულება უნდა გამოინახოს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ბიომეტრული პასპორტების გამოყენება იქნებოდა კარგი და ოპტიმალური გამოსავალი, მაგრამ ამას ალბათ უფრო მეტი დრო დასჭირდება და ვერ მოესწრება უახლოესი არჩევნებისთვის,” – აღნიშნა მარკერტმა.
ამ უკანასკნელის შესახებ კომენტარი პალიკო კუბლაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის სურვილის მიუხედავად, ბიომეტრული პასპორტების პროექტის დაფინანსების თაობაზე, ეს ამ არჩევნებისთვის ვერ მოესწრება.
“შეიძლება ვიღაცას აქვს წარმოდგენა, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. არის რაღაცეები, რაც ფულით არ იყიდება. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარია იმაზე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კარგია, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა და ეს კომისიასთან შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ ეს არ მოხერხდება მომდევნო არჩევნებისთვის, არა იმიტომ, რომ შეიძლება ფინანსური წყარო არ იყოს, არამედ იმიტომ, რომ დრო სჭირდება. ყველა ჩვენს თანამოქალაქეს არ ექნება საშუალება, რომ აიღოს ბიომეტრული პასპორტი, რაც გამოიწვევს იმას, რომ ყველა უბანზე იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ამის გამო ხმის მიცემის უფლება არ ექნება. ჩვენ ასეთი რისკის ქვეშ ამ არჩევნებს არ დავაყენებთ,” – განაცხადა კუბლაშვილმა.
ვენეციის კომისიამ შეხვერაზე ასევე პატიმრებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი კვლავ დისკუსიის თემად რჩება.
კუბლაშვილი კი ამ ნაწილში ვენეციის კომისიას ქართული ოპოზიციის გაკრიტიკებას ურჩევს, რადგანაც სწორედ მათ გარკვეული მოსაზრებების გამო არ დაუშვეს პოლიტ–პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლება.
“რა თქმა უნდა, პენიტენციალური დაწესებულებები არ არის ის ადგილები, სადაც თავისუფალი მიმოსვლა იქნება შესაძლებელი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზსს ვუსვამ, როდესაც ვენეციის კომისია აკრიტიკებს ქართულ კანონმდებლობას, რომ მასში არ არის ასახული ზემოთხსენებულის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ აკრიტიკებს ოპოზიციური პარტიების პოზიციას,” – აღნიშნა კუბლაშვილმა.
შემაჯამებელი პრესკონფერენციის ბოლოს ვენეციის კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შემოთავაზებული საარჩევნო კოდექსის პროექტის დახვეწა და გაუმჯობესება გაგრძელდება.
“ჩვენც ისეთი შთაბეჭდილებებით დავტოვეთ ეს შეხვედრები, რომ არსებობს მზადყოფნა იმისა, რომ შემდგომი ცვლილებები იქნას შეტანილი, რომ მოვიდეს შესაბამისობაში იმ მოთხოვნებთან, რაც ჩვენ გაგვაჩნია,” – აღნიშნა პრესსკონფერენციის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის წევრმა.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის ოთხი წევრი, თომას მარკერტი – დირექტორი, ვენეციის კომისიის მდივანი; მანუელ გონსალეს ოროპეზა – მექსიკის წარმომადგენელი; გელ მარტინ–მიკალეფი – პროექტის ოფიცერი არჩევნების საკითხებში, არჩევნებისა და რეფერენდუმების განყოფილებიდან; და ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) უფროსი მრჩეველი არჩევნების საკითხებში არმინ რაბიჩი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩამოვიდნენ.
მათ შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, საარჩევნო კოდექსის პროექტზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმომადგენლებთან გამართეს.




