გოლფის მოედანი, ველობილიკები, საირიგაციო სისტემა და თავისუფლების მოედანთან დამავშირებული საბაგირო – ეს იმ იდეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც თანაინვესიტირების ფონდს ოქროყანაში ბოტანიკურ ბაღისა და შინდისი-კრწანისის გზის პროექტთან ახლოს მდებარე ტერიტორიასთან მიმართებაში აქვს. ფონდმა დაახლოებით 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ტერიტორია 6 მილიონ ლარზე მეტ თანხად შეიძინა და ტერიტორიის განვითარებისთვის 40 მილიონი დოლარის დახარჯვას ფიქრობს, თუმცა ჯერ არ აქვს ექსპერტული დასკვნები და კვლევები იმის შესახებ, რეალურად რისი განხორციელების საშუალებას მისცემს ადგილზე ბუნება.
დღეს, 3 მაისს თანაინვესტირებოს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა და ზემოხსენებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომლის გასხვისებასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი აპროტესტებს, ფონდის გეგმები წარუდგინა. მისი თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თანაინვესტირების ფონდი მზად არის, დაინტერესებული ჯგუფებისგან მოისმინოს და განიხილოს ტერიტორიიის განვითარების ალტერნატიული ხედვები და გეგმები და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მათზე უკეთეს პროექტს წარმოადგენს, მზად არის, რომ აჩუქოს, როგორც დღეს ნაყიდი 30 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე ის 10 ჰა, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე ქართუ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანია “ფინსერვისი” ფლობს.
კონსულტაციები მერიასთან ტერიტორიაზე აუქციონის გამოცხადებამდე
ნეტგაზეთის შეკითხვას, რა ეტაპზე ჩაერთო ფონდი ოქროყანაში 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების საკითხში, მაშინ, როდესაც მერიამ აუქციონი გამოაცხადა ,თუ მანამდე იყო დიანტერესებული, ქარსელაძემ ასე უპასუხა:
“რა თქმა უნდა, არსებობდა გარკვეული კონსულტაციები, ჩვენ გარკვეული მოსაზრბები გაგვაჩნდა. შემდეგ უკვე ქალაქის ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა პირობებთან დაკავშირებით. პრიცინპი სწორედ იმაში მდგომარეობდა და აუქციონის გამოცხადების მიზეზიც ეს იყო, რომ [პროცესი] ყოფილიყო საჯარო და ყველას ჰქონოდა საშუალება მასში მონაწილეობის თვალსაზრისით, რათა არ ყოფილიყო პირდაპირი მიყიდვა ან გადმოცემა. თუმცა იმხელა საინვესტიციო მოცულობაზეა საუარი, რომ მათ შორის წარსულში აპრობირებული [მექანიზმები] შეიძლებოდა გამოყენებულიყო, მაგრამ ჩვენი მიდგომა სწორედ ამაში მდგომარეობდა, რომ საჯარო ყოფილიყო. მარტივია, მე გარკვეული მოსაზრება მაქვს, მაგრამ იქნებ სხვას უკეთესი აქვს?! გავარკვიოთ და რაც შეიძლება მეტი შემოსავალი შევიდეს ქალაქში, რატომაც არა”.
ტერიტორიის გაცვლა ბოტანიკურ ბაღთან
ზემოხსენებულ დაახლოებით 30 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე აუქციონის გამოცხადებას წინ უძღოდა “ქართუ ჯგუფთან” დაკავშირებული კომპანია ფინსერვის XXI-სა [რომლის დამფუძნებელიც, ქარსელაძის ცნობით, ბიძინა ივანიშვილია] და ბოტანიკურ ბაღს შორის ტერიტორიების გაცვლა/დაკორექტირება. ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ნეტგაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ ტერიტორიების გაცვლაზე აზრის გამოთქმა მათ მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში სთხოვა და შემდეგ ისინი შემოთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ, რადგან ფინსერვისის მიერ შეთავაზებული ტერიტორია ბევრად უკეთესი იყო ბაღის ფარგლებში არსებულ მიწის იმ ნაკვეთთან შედარებით, რომელიც მათ ბარტერისას დათმეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას აზრით, ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ზემოხსენებულ ტერიტორიას, ანუ 30 ჰექტარს, ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები დაუფლებოდნენ. ამ ტერიტორიას ესაზღვრება მიწის მეორე ნაკვეთი (10 ჰექტარი), რომელსაც ფინსერვისი ფლობს და რომლის გამოყენებასაც თანაინვესტირების ფონდი ამ პროექტის ფარგლებში აპირებს.
ნეტგაზეთის კითხვას, იყო თუ არა ბოტანიკურ ბაღთან ტერიტოორიის გაცვლა/დაკორექტირება იმ კონსულტაციების ნაწილი, რომელიც მათ თავის დროზე მერიასთან ჰქონდათ, ქარსელაძე პასუხობს:
“ბოტანიკურ ბაღზე მე მხოლოდ პრესიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გავაკეთო კომენტარი.
საუბარი არის იმაზე, რომ როცა მიწების გადახედვა მოხდა, ლაპარაკია წითელი ხაზების დადგენაზე, დაფიქსირდა გადაფარვები, რომელიც, სამწუხაროდ, გათვალისიწნებული არ იყო. როგორც მე ვიცი, შედგა კომუნიკაცია მერიასთან, რომ იქნებ ეს სივრცეები განვალაგოთ სათანადო წესით, რომ გამიჯნული იყოსო. შედგა კომუნიკაცია და ინფორმაციის მოსაზრების სახით მიწოდება. ბოტანიკურმა ბაღმა თავისი პირობები დააყენა, თუ როგორ წარმოედგინათ მათ ამის კორექტირება და, შესაბამისად, მოხდა შეთანხმება და დაკორექტირება.
ნაკვეთის შეძენის ფასი – სულ 6 326 495 ლარი, ხოლო კვადრატული მეტრის ფასი 21 ლარი
ნეტგაზეთის შეკითხვას, ფიქრობს თუ არა ის, რომ ოქროყანაში კვადრატულ მეტრში 21 ლარი საკმაოდ დაბალი ფასია, თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა კონტრკითხვით გვიპასუხა:
“სხვა მაგალითი გაქვთ, როცა 29 ჰექტარი იყიდება, რომლიდანაც მხოლოდ 20 000 კვადარტლ მეტრზე შეგიძლია მშენებლობა? ირიგაცია გასაკეთებელი, მოსაწესრიგებელია?!”.
იმ ვებგვერდების მიხედვით, სადაც ონლაინ-განცხადებების განთავსებაა შესაძლებელი, ოქროყანაში კვადრატული მეტრის ფასი 60-90 ლარი გამოდის:
“ეჭვი მაქვს, რომ თქვენ, ალბათ, 600-კვადრატიან ნაკვეთებზე ლაპარაკობთ, სადაც შეგიძლიათ 18-25 ათას დოლარამდე სახლი ჩადგათ და ბედნიერად იცხოვროთ სუფთა ჰაერზე”, – ამბობს იგი.
თუმცა, თუ შესაბამისი ნება იქნებოდა, მერიასაც შეეძლო არა 29 ჰეტქარის, არამედ მიწის უფრო მცირე მონაკვეთების გაყიდვა ან ტერიტორიის დაშლა, ამაზე ქარსელაძე ამბობს:
“როგორ, ტერიტორია იყიდება მყიდველიდან გამომდინარე. აქამდე რომ მსუვრელი ყოფილიყო ვინმე, [პროცესში] შემოვიდოდა”, – ამბობს იგი და აგრძელებს:
“რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არსებობს შესაბამის პროცეუდრა თუ როგორ ხდება ნაკვეთის ფასის დადგენა. რამდენადაც ვიცი, ამას აფასებს დამოუკიდებელი ლიცენზირებული ორგანიზაცია და როდესაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არის ტენდერის შედეგად შერჩეული კომპანია. ასეთი კომპანიები ადგენენ ფასს, რომელიც შემდეგ სააუქციონე ფასი ხდება”.
დღეს ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2007 წელს ფინსერვისმა დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე 36 ლარად იყიდა კვადრატული მეტრი, თან იმ პირობებში, რომ მას სამშენებლო ნებართვა არ ჰქონდა. ეს ინფორმაცია ქარსელაძემაც დაადასტურა და ფასებს შორის განსხვავება ასე ახსნა:
“დღეს ფასები რომ უფრ დაბალია, ეს არ იცით? 2007 წელი არის ომამდელი პერიოდი და შეადარეთ დღევანდელ პერიოდს. [ის თუ სამშენებლო მიწა არ იყო] ეს მაშინ სამჯერ დიდია. ამას მიაქციეთ ყურადღება”, – თქვა მან.
რას აპირებს თანაინვესტირების ფონდი დღეს ნაყიდ 30 ჰექტარ მიწასა და პლუს 10 ჰექტარ ნაკვეთზე, რომელსაც 2007 წლიდან ფინსერვისი ფლობს
ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ისინი სრულად დაიცავენ იმ პირობებს, რომელიც აუქციონს ახლდა თან. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში ააშენოს სულ მცირე 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20 000 კვ.მ. აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისთვის არანაკლებ 50 სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.
“ჩვენ ამას განვიხილავთ ბრწყინვალე შესაძლებლობად იმისათვის, რომ ქალაქმა მიიღოს შესანიშანვი რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშულების სივრცე.
მწვანე ნარგავების და ზოგადად იქ არსებული ხეების მოვლა-პატრონობას განვახორციელებთ, ახალი ხეებს დავრგავთ. ამასთანავე, პერსპექტივაში გათვალისწინებულია მოქმედებები საირიგაციო სისტემის მოწყობისთვის. ასევე უზრუნველვყოფთ ნოყიერი ნიადაგების შეტანას ადგილზე, ვინაიდან ემპირიული დკავშირებით საქმე გვაქვს საკმაოდ გახრიოკებულ ნიადაგებთან.
ბუნებრივია, შესაბამისი კვლევები, საექსპორტო დასკვნები შემუშავდება.
პრინციპულად გვინდა განვაცხადოთ, რომ [აუქციონის] ყველა პირობა ზედმიწევნით იქნება დაცული. ეს შეეხება როგორც მწვანე ნარგავებსა და ირიგაციას, ასევე ეს შეეხება განაშენიანების ფართს,რომელიც ასევე შეზღუდულია. რეალურად მთლიანი ნაკვეთი 290 000 კვადრატული მეტრია, განაშენიანების შეზღუდვა კი, 20 000 კვადრატული მეტრი. დაახლოებით საუაბრია მთლიანი ტერიტორიის 7 პროცენტზე.
ნებისმიერი მშენებლობა, რომელიც განხორციელდება რეკრეაციული, საზოგადო დანიშნულებით, მოხდება მხოლოდ სიღრმეში, მეორე პლანზე, და ის არ იქნება აღქმული დედაქალაქის არც ერთი ხედიდან.
ჩვენი აზრით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ბრწყინვალედ მოვლილ კეთილმოწყობილ ბუნებაში აღმოჩნდნენ და დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული მოქმედებით. აუცილებლად იქნება გათვალისწინებული სარბენი ბილიკები, ველობილიკები, სხვა რეკრეაციული ინფრასტრუქტურაც იქნება გათვალისიწნებული.
ბევრი ვიფიქრეთ და იდეის დონეზე გვაქვს მოსაზრება [გოლფის მოედნის ინფრასტრუქტურაზე]. ბუნებასთან ყველაზე შერწყმული სპორტის სახეობა სწორედ გოლფი და მისი მწვანე საფარია. გოლფი საინტერესო იქნება, როგორც ყველასათავის ხელმისაწვდომი სპორტი. ეს საინტერესო იქნება უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეებისათვისაც და დამყწებებისათვისაც.
მთაზე ირიგაცია ძალიან რთულ ტექნიკურ გადაწყვეტასთანაა დაკავშიებული. ამ შემთხვევაში ლაპარაკია მტკვრის წყალზე, რომელიც უნდა აიტუმობოს მთაზე. ეს ამოცანა ჩვენი აზრით მიღწევადია. შესაბამისი კვლევები და პრეოქტები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, როგორ არის, მაგრამ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი საირიგაციო სისტემის მოწყობა მოხდეს. ამ სისტემით ისარგებლებს ბოტანიკური ბაღიც.
კავშირი პანორამა-თბილისთან
პანორამა – თბილისის პროექტს სწორედ თანაინვესიტირების ფონდი ახორციელებს, რომლის დამფუძნებელიც ბიძინა ივანიშვილია. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა კავშირი ექნება ამ პროექტს პანორამასთან?
“ჩევნი ზოგადი მიდგომა არის საფეხუროვანი. არ არის საკმარისი მხოლოდ ის ტურისტი, ვინც დღეს მოდის, ან ხვალ ჩამოვა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმნათ ახალი შეთავაზებები, რომელზეც ახალი ტურისტები წამოვლენ. იგივე გოლფის ინფრასტრუქტურა საერთოდ ახალი შეთავაზებაა და სწორედ ამიტომაა საინტერესო. პირველ რიგში, სპორტის ეს სახეობა უფრო პოპულარული გახდება. საერთაშორისო ტურნირები, ასპარეზობები – ეს ჩვენს წარმოადგენაში საინტერესო იქნება. ცხადია, კვლევები და საექპერტო დასკვნები უკვე გვიჩვენებს, როგორ ჯობია ამის გაკეთება.
პანორამა-თბილისი არის ზოგადი სახელწოდება, რომელშიც შედის კომპლექსის სხვადახვა სასტუმროები: ეს არის ცეკავშირი, სოლოლაკი, ერეკლე მეორის მოედანი. ჩვენ განვიხილავთ საფეხუროვან ვარიანტს, რომ ცეკავშირიდან ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ხუთ წუთზე ნაკლებ დროში აღმოჩნდნენ სწორედ ბრწყინვალედ მოვლილ ბუნებაში და გაატარონ დრო, დაკავდნენ სპორტით და ისაგრებლონ პროექტის ყველა სიკეთით”, – ამბობს ქარსელაძე.
კითხვას, გულისხმობს თუ არა საბგირო გზას, იგი პასუხობს:
“ოპტიმალური ვარიანტი იქნება , რომ ეკოლოგოიურად სუფთა ტრანსპორტი იყოს”.