ახალი ამბები

ოქროყანაში 30 ჰა მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდმა იყიდა

3 მაისი, 2016 • 3921
ოქროყანაში 30 ჰა მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდმა იყიდა

ოქროყანაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული 30 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდის შვილობილმა კომპანიამ, “თაბორი რიზორთსმა” შეიძინა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე, რომელიც დღეს დასრულდა. ფონდმა ეს მიწის ნაკვეთი 6 326 495 ლარად იყიდა.

“თაბორი რიზორთსი” 2016 წლის 27 აპრილს დაფუძნდა, რომლის დირექტორია ირაკლი ქარსელაძე, ხოლო მფლობელი- “ოლდ სითი დიველოპმენტი”, ამ უკანასკნელს კი ოფშორული კომპანია სს FRANKSTON INTERNATIONAL S.A., პანამა ფლობს.

თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, რომელიც ასევე გახლავთ “თაბორი რიზორთსის” დირექტორი, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ხედვები აღნიშნული ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თანაინვესტირების ფონდი მზად არის დაინტერესებული ჯგუფებისგან მოისმინოს და განიხილოს ტერიტორიიის განვითარების ალტერნატიული ხედვები და გეგმები და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მათზე უკეთეს პროექტს წარმოადგენს, მზად არის, რომ აჩუქოს, როგორც დღეს ნაყიდი 30 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე  ის 10 ჰა, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე ქართუ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანია “ფინსერვისი” ფლობს.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში. მისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს. ახალშეძენილი მიწის ნაკვეთის მონიჯნავედ არსებულ მიწის ფართს კომპანია “ფინსერვისი XXI” ფლობს. კომპანია “ფინსერვისი XXI” სოლოლაკში მდებარე იმ ბიზნესცენტრის მფლობელია, რომელშიც ამჟამად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს. ივანიშვილი ბიზნესცენტრს ამ კომპანიისაგან ქირაობს

თბილისის მერია აუქციონზე ოქროყანაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ 30 ჰექტრამდე ნაკვეთს სასტუმროს ასაშენებლად ყიდდა. აუქციონის პირობების თანახმად, საწყისი ფასი 6 მილიონ 233 ათასი ლარი იყო. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში ააშენოს სულ მცირე 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ. აუქციონის პირობების მიხედვით, სასტუმრო კომპლექსისთვის არანაკლებ 50 სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომი უნდა მოაწყოს.

აუქციონის გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

აუქციონი 22 აპრილს გამოცხადდა. ტერიტორიას აქვს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი.

თბილისის ვიცემერი ირაკლი ლექვინაძე სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს საჭიროებას ასე განმარტავს:

”როდესაც ხდება ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი გზის განვითარება მოიცავს თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარებას. რადგან ეს მხარე თბილისში არის ჯერ კიდევ აუთვისებელი და გზის გაყვანა იძლევა ახალ შესაძლებლობებს, რატომაც არა?! – გზის მიმდებარე ტერიტორიებზე, ისევე როგორც თბილისთან დამაკავშირებელ გზებზე, არსებობს მსგავსი ტიპის შენობა-ნაგებობები, იგივე რესტორნები. რატომ არ შეიძლება ამ გზაზეც არსებობდეს მსგავსი რამე, თუ ეს იქნება თბილისელებისა და სტუმრებისთვის საინტერესო? ეს არის ბოტანიკური ბაღისგან საკმაოდ მოშორებული ტერიტორია. მერია არ აპირებს აუქციონის გაუქმებას”.

აუქციონის გაუქმებას საპროტესტო აქციებით ითხოვდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რადგან აღნიშნული პარტიის წევრების თქმით, ამ მიწის ნაკვეთის შეძენა სურდა ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რის გამოც თბილისის მერიის თხოვნით საკრებულომ ამ მიწის ნაკვეთს მოუხსნა ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსი და მას მიანიჭა რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსი.

ბოტანიკური ბაღი და მიმდებარე ტერიტორია რუკაზე, რომელიც ასახავს გასხვისებულ და აუქციონზე გასაყიდად გატანილ მიწებს

ბოტანიკური ბაღი და მიმდებარე ტერიტორია რუკაზე, რომელიც ასახავს გასხვისებულ და აუქციონზე გასაყიდად გატანილ მიწებს

მასალების გადაბეჭდვის წესი