ახალი ამბები

“პანორამა თბილისის” მშენებლობის შესაჩერებლად 7 მაისს აქცია გაიმართება

3 მაისი, 2016 • 1631
“პანორამა თბილისის” მშენებლობის შესაჩერებლად 7 მაისს აქცია გაიმართება

საზოგადოებრივი გაერთიანება “ერთად” 7 მაისს, 1 საათზე სოლოლაკში, იქ, სადაც “პანორამა თბილისის” მშენებლობა იგეგმება, აქციას გამართავს.

გაერთიანების “ერთად” წევრებმა და “დემოკრატიის ინსტიტუტმა”, დღეს 3 მაისს, “კლუბ ფრონტლაინში” პრესკონფერენცია გამართეს, სადაც განმარტეს, რომ ეს აქცია მხოლოდ “პანორამა-თბილისის” წინააღმდეგ არ გაიმართება, არამედ მასში გაერთიანდება სხვა პრობლემური საკითხები: ბოტანიკური ბაღის 4 ჰა-ს გასხვისება და მერიის მიერ 30 ჰა მიწის აუქციონზე გამოტანა.

“პანორამა თბილისის” 4 ჰექტრის საქმესა და 30 ჰექტრის აუციონზე გატანის საკითხს ერთიან კონტექსტში ვგულისხმობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ტერიტორია უკავშირდება ერთი ადამიანის სახელსა და გვარს. რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს დღეს აუქციონზე- იყიდის ამას ბიძინა ივანიშვილი, თუ იყიდის სხვა- ეს არის ერთიანი კონტექსტი, ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ საპროტესტო აქციას”, – განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, ისინი გადადიან რადიკალურ ზომებზე და მოუწოდებენ მოსახლეობასა და სხვადასხვა ორგანიზაციას, რომ მხარი დაუჭირონ მათ აქციას.

ცირა ელისაშვილის განმარტებით, ისინი ეწინააღმდეგებიან ამ 30 ჰექტრაზე ნებისმიერი სახის მშენებლობას და დასაშვებად მხოლოდ ტურისტული ბილიკების მოწყობას უჭერენ მხარს, ისე, რომ არ დაზიანდეს ლანდშაფტური ზონა, და არა სასტუმროს მშენებლობას.

ორგანიზაციის “ერთად” და პარტიზანული მებაღეობა-თბილისის” წევრის  ნატა ფერაძის თქმით, აქციის მიზანი იქნება, შეაჩერონ მშენებლობა. თუმცა, კონკრეტულად რა მეთოდებით, ნატა ფერაძეს არ დაუკონკრეტებია.

“მინდა მოვუხმო ყველას, რომ მოვიდნენ, რადგან თვითნებურად მოგვიწევს ამის გაჩერება. სავარაუდოდ, ამას ექნება არც ისე ლეგალური სახე”, – განაცხადა ნატა ფერაძემ.

ფერაძემ გაიხსენა ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობის საქმეც, როდესაც მათ არალეგალური მეთოდებით დაიწყეს ბრძოლა ვაკის პარკში სასტუმროს მშენელობის წინააღმდეგ, 2 წლის შემდეგ კი სასამართლომ განაცხადა, რომ  არ იყო ლეგალური ამ სასტუმროს მშენებლობა.

ცირა ელისაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს, რომ საკრებულოსა და პარლამენტში მათი ჩართულობით განიხილონ ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 4 ჰა მიწის გადაცემისა და 30 ჰა მიწის აუქციონზე გატანის საკითხები.

ელისაშვილმა განმარტა, რომ 4 ჰა მიწის გადაცემისას და 30 ჰა მიწისთვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლის დროს არ იყო გათვალისწინებული კულტურის სამინისტროს ნებართვა და დასაბუთება არ ყოფილა. სწორედ ამ საკითხების განხილვა სურთ მათ პარლამენტში.

თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა პრესკონფერენციაზე, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა ჩატარდეს საკრებულოში რიგგარეშე სხდომა ამ საკითხების განსახილველად, რომელსაც ასევე დაესწრებიან სამოქალაქო მოძრაობის წევრები. ელისაშვილის თქმით, საკრებულოს ანგარიში უნდა ჩააბაროს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

“ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბოლომდე ვერავინ ვერ გაერკვევა ამ სიტუაციაში, ვერც ნარმანია, ვერც ბოტანიკურის დირექტორი და ვერც სხვა. უამრავი კითხვაა. ამ კითხვებზე, წესით, პასუხი უნდა ჰქოდნეს თბილისის მერს,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი