ახალი ამბები

ილია II: სამწუხაროა, რომ საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%

1 მაისი, 2016 • 1485
ილია II:  სამწუხაროა, რომ საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%

2016 წლის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ სოფლიოს მეურნეობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარება მრავალი პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელია. პატრიარქის განცხადებით, საწყის ეტაპზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

“მრავალ პრობლემას ეშველება, თუ მოსახლეობა დასაქმდება, თუ მცირე ბიზნესი განვითარდება და სოფლის მეურნეობა აღორძინდება.

მეტი გასაქანი უნდა მიეცეს მინანქრის, ოქროსა და ვერცხლის დამუშავებას, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, წყლის ექსპორტს, კერამიკის, შუშისა და თიხის წარმოებას, მცირე ჰესების მშენებლობას, ტურიზმს და სხვა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეისთვის საქართველოს შემოაქვს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80%; არადა, ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ სრულად დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება და მის გატანაზეც იფიქროს. ამისთვის კი უნდა გაძლიერდეს ოჯახური მეურნეობები და წახალისდეს სხვა კერძო ინიციატივები; ადგილზე უნდა აშენდეს გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, შეიქმნას მექანიზებული ჯგუფები, რომლებიც სოფლებს მოემსახურებიან.

სასურველი იქნება, თუ თითოეულ რეგიონს თანხის გარკვეული რაოდენობა გამოეყოფა და თავდაპირველად სახელმწიფოვე იზრუნებს გასაღებაზე ორიენტირებული და ამ მხარისათვის ყველაზე მომგებიანი მიმართულებების განვითარებაზე.

მოსახლეობას ბიძგის და ორიენტაციის მიცემა სჭირდება, გონივრული დახმარება უნდა, რომ თავისი შრომის ნაყოფი დაინახოს და იგრძნოს, რომ მისი საქმიანობა შედეგის მომტანია.

მაშინ ქვეყანა მალევე დაიწყებს აღორძინებას და ხალხში შრომის სიყვარული აღდგება.” – ამბობს პატრიარქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი