ახალი ამბები

რამ განაპირობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გახშირება

29 აპრილი, 2016 • 1421
რამ განაპირობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გახშირება

ბოლო 7 დღის  განმავლობაში საქართველოში სიძულვილით მოტივირებული 4 დანაშაული მოხდა. უფლებათა დამცველები ამ ამბებს 17 მაისის (ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) მოახლოებასა და კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების დაზუსტების შესახებ მთავრობის ინიციატივას უკავშირებენ.

ნიკა ბერიძეს 23 აპრილს თემქის დასახლებაში საყურის ტარების გამო სამი პირი თავს დაესხა და სცემეს. თავდამსხმელთაგან ორი პოლიციამ დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მულის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

4 დღის შემდეგ სამ მეგობარს ქუჩაში საყურის ტარების გამო ერთმა პიროვნებამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც პოლიციის გამოძახების შემდეგ გაიქცა. პოლიციამ მისი ვონაობა დაადგინა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

გუშინ, 28 აპრილს კი, სიძულვილით მოტივირებული ორი თავდასხმის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ლევან ბერიანიძის, “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ფილარმონიასთან მას და მის ორ მეგობარს სიტყვა “ჰეტეროსექსუალის” თქმის გამო ერთმა პიროვნებამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადვოკატ, ნინო ბოლქვაძის ცნობით, გუშინ ორთაჭალის ტერიტორიაზე სამ ტრანსგენდერ ადამიანს ერთი პიროვნება დაესხა თავს. შემთხვევა საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. პოლიცია ამ შემთხვევასაც სსკ-ს 125-ე მუხლით იძიებს.

ნინო ბოლქვაძე, რომელიც ლგბტ თემის წევრებს სამართლებრივ დახმარებას უწევს, ამბობს, რომ დროის ამ მცირე მონაკვეთში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გახშირება 17 მაისის მოახლოებასა და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ქორწინების განმარტება დაზუსტდება, როგორც მხოლოდ ქალსა და კაცს შორის ერთობა.

“ცხადია, რიტორიკა, რომელიც წამოვიდა მთავრობისგან, არის მკვეთრად უარყოფითი შეფასება ამ სოციალური ჯგუფის მიმართ. ეს მუშაობს ასეთი სახით – ეს აბრუნებს სიძულვილს და აძლევს რწმენას, თავდაჯერებულობას ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებს, რომ მათი მხრიდან არის საჭირო რაღაცა ტიპის ქმედება იმისათვის, რომ შეაჩერონ “მავნე ზემოქმედება” ლგბტ თემის მხრიდან”, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

“ლგბტ საქართველოს” გამგეობის თავმჯდომარე ბექა გაბადაძე ამბობს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ხშირად ხდება  და არა მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, არამედ დაახლოებით ბოლო 2 თვეა, რაც გახშირდა.

ლგბტ თემის უფლებების დამცველი მიიჩნევს, რომ 17 მაისის მოახლოების გარდა, ამაზე მოქმედებს პოლიტიკური პარტიების მიერ ინიცირებული ჰომოფობიური კანონმდებლობა.

“დადიან სოფელ-სოფელ და ლგბტ თემის დღის წესრიგში არმყოფი თემის შესახებ ახალისებენ ჰომოფობიას. საზოგადეობაში ჰომოფობიური განწყობები იმატებს და სიძულვილის ენა მოითარგმნება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში”, – მიიჩნევს ბექა გაბადაძე.

გაბადაძე ამბობს, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის ქორწინების თემაზე თემში მსჯელობა არ ყოფილა და ეს საკითხი დღის წესრიგში არავის დაუყენებია.

მას მიაჩნია, რომ თუ პოლიცია და სახელმწიფო აღმოჩნდება სუსტი და პოლიცია ვერ გამოიძიებს მიმდინარე საქმეებს, შედეგად, შესაძლოა უფრო მეტი აგრესია გაჩნდეს საზოგადოებაში.

“ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიაში ცხოვრობს. დაუშვებელია ამ დანაშაულების ჩვეულებრივ კრიმინალად წარმოჩენა. მას აქვს სპეციფიკური გენდერული და ლგბტ თემატიკასთან მიბმული ხასიათი”, – ამბობს გაბადაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი