სამართალი

მოქალაქე ნიკა ბერიძე ამბობს, რომ სამმა პირმა საყურის ტარების გამო თბილისში, ქუჩაში სცემა

23 აპრილი, 2016 • 3036
მოქალაქე ნიკა ბერიძე ამბობს, რომ სამმა პირმა საყურის ტარების გამო თბილისში, ქუჩაში სცემა

მოქალაქე ნიკა ბერიძე ამბობს, რომ თბილისში, თემქის მესამე მიკრორაონში სამმა პირმა სცემა. ბერიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ თავს ავტობუსის გაჩერებასთან დაესხნენ, იგი საყურეს ატარებს და მისი თქმით, სწორედ ეს გახდა აგრესიისა და მასზე თავდასხმის მოტივი.

ნიკა ბერიძის თქმით, თავდასხმის ფაქტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლსაც მან ჩვენება მისცა.

“მაჩვენეს უამრავი ფოტო, მაგრამ არც ერთი იყო იმ პირებიდან, ვინც მე მცემა. პოლიცია პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ საქმეს. მანქანით წამიყვანეს. მოვიარეთ ქუჩები და სკვერები და ვნახეთ, რომ ჩემზე თავდამსხმელები ერთ-ერთ სკვერში “ძველბიჭობდნენ”. უცებ აიყვანეს და წაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში. ორშაბათს ვარ დაბარებული ექსპერტიზაზე. დამპირდნენ, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან”, – აცხადებს ბერიძე და დასძენს, რომ მის თვალწინ პოლიციამ მხოლოდ ორი თავდამსხმელი დააკავა.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მესამე პირი ამ დროისთვისა არაა დაკავებული. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს:

“ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე”, – ვკითხულობთ სისხლის სამართლის კოდექსში. კოდექსი ფიზიკური ძალადობის უფრო მძიმე მუხლებსაც ითვალისიწნებს, მაგალითად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ან ძალადობა. შსს-ში ამბობენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი