ახალი ამბები

ბერძენიშვილი: რუსთავი 2-ის საქმის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ ჩვენს ინტერესში არაა

27 აპრილი, 2016 •
ბერძენიშვილი: რუსთავი 2-ის  საქმის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ ჩვენს ინტერესში არაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით საქართველო შეიძლება მსოფლიო ისტორიაში შევიდეს, როგორც უაზრო გადაწყვეტილებების ქვეყანა :

“ურთმელიძის შემთხვევა რაც იყო, ისე იქნა ზუსტად აღქმული და ურთმელიძემ მიიღო ძალიან სერიოზული საყვედური. ურთმელიძემ რაც ჩაწერა [სასამართლოს გადაწყვეტილებაში], ის იყო იუსტიციის და საერთოდ სამართალმცოდნეობის ისტორიაში კაზუსი, რომლითაც საქართველო შეიძლება მსოფლიო ისტორიაში შევიდეს, როგორც უაზრო გადაწყვეტილებების ქვეყანა. ხომ არ ვიცხოვრეთ მაგის მიხედვით? არ არის ურთმელიძე ეს სახელმწიფო, ურთმელიძე არის ურთმელიძე, ასეთი ურთმელიძეები გვყავს ბევრი.”

მისივე თქმით, “რუსთავი 2” სწორედ ისეთია, როგორც თავად ამ ტელეკომპანიას სურს:

“რაც თავი მახსოვს, “რუსთავი 2″ არის ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ იყოს და არა ისეთი, როგორიც სააპელაციო სასამართლოს ან ვინმეს შეიძლება უნდოდეს, დღემდე ასეა და ხვალაც ასე იქნება.  ყველა დონეზე აღიარებულია, რომ ვერავინ ვერ ერევა მის საქმიანობაში და სრულიად თავისუფალია ყველანაირი გავლენისაგან. თუ რაიმე გავლენა არის, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო გავლენისგან ნამდვილად თავისუფალია.”

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ეს ტელეკომპანია არ მოსწონს, თუმცა, მისივე განმარტებით, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის საშიშროებას ვერ ხედავს:

“ეს არ არის ხელწამოსაკრავი ტელევიზია, ის არ მომწონს მე, მაგრამ იქნება ისეთი, როგორიც მას უნდა. საქართველოში, მგონი, ბევრი რამის შეცვლა შეიძლება და რუსთავი ორის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მე მგონი, შეუძლებელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, არჩევნებამდე არ შეიცვლება.”

დეპუტატი ამბობს, რომ “სახელმწიფო არ უდნა ერეოდეს სასამართლოს საქმეებში და არც ერევა:

” რომ ჩარეულიყო, ათჯერ უფრო სწრაფად განვითარდებოდა მოვლენები. არავის ინტერესში არის ახლა ვითარების დაძაბვა. რუსთავი 2-ის  “ქეისის” გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ და ვიზის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ, არ შედის ჩვენს ინტერესებში.”

დღეს, 27 აპრილს სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმის არსებითი განხილვა განახლდა.

“მეგობრებო, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით და ასევე უკვე ჩატარებული 2 სხდომის ინდიკაციებით, სააპელაციო სასამართლო მაღალი ალბათობით ადგას ურთმელიძის გზას”, – ეს ტექსტი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ ფეისბუკში გამოაქვეყნა და მოქალაქეებს სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდა, რათა დააკვირდნენ პროცესს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი