ახალი ამბები

ბაგა-ბაღების დირექტორების დათხოვნა – ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ

26 აპრილი, 2016 • 2246
ბაგა-ბაღების დირექტორების დათხოვნა – ყოფილი თანამშრომლები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ

თბილისის ორი ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა და ყოფილმა თანამშრომელმა დღეს, 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა პოლიტიკური მოტივებით მათ დათხოვნასა და მათ ადგილებზე “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირების მიყვანაში დაადანაშაულეს.

თავად თემურ თორდინავა ყოფილი დირექტორების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

215-ე ბაღის ყოფილი თანამშრმელი, ვიოლეტა მგალობლიშვილი ამბობს, რომ 215-ე ბაღის ახლად დანიშნულმა დირექტორმა, თამარ ხიზანიშვილმა თანამდებობიდან ისე დაითხოვა, რომ მას არც იცნობდა. გათავისუფლების მიზეზად საშტატო ერთეულის გაუქმება დასახელდა, თუმცა, მგალობილიშვილი ამბობს, რომ მოტივი პოლიტიკურია და იგი “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირის გამო დაითხოვეს. ის სასამართლის გზით დავას გეგმავს.

“მე მაქვს ბაგა ბაღში-მუშაობის 25 წლის სტაჟი. 7 წელი ვიყავი ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის დროს. რადგან ამ დროს ვმუშაობდი, ამიტომ გამათავისუფლეს თანამდებობიდან,”- განაცხადა მან.

ხატია ლაშქარაშვილი 215-ე საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორია, საიდანაც ვიოლეტა მგალობლიშვილი მოხსნეს. აღმზრდელის თანამდებობაზე დანიშვნამდე მგალობლიშვილი ლაშქარაშვილის მოადგილედ მუშაობდა. როგორც ხატია ლაშქარაშვილი იხსენებს, 2014 წელს მგალობლიშვილი მოადგილის პოზიციაზე ბაგა-ბაღების სააგენტოს სიტყვიერი მითითების საფუძველზე გადაიყვანა.

“ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იძულებული გახადა თემურ თორდინავამ, რომ გადასულიყო სხვა პოზიციაზე. თორდინავამ, იმის გამო, რომ შეხვდა წინააღმდეგობა ჩემგან, შემოგვთავაზა, რომ დაამატებდა შტატებს, მეცამეტე აღმზრდელის შტატს და იმავე ხელფასზე იგი გადავიდოდა ამ ადგილზე. რა თქმა უნდა, დათანხმდა ქალბატონი ვიოლეტა. მის მაგივრად მოვიდა ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელიც დაინიშნა მოადგილედ,”- იხსენებს ის.

იმავე საკითხზე საუბრობს 92-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ინგა კალანდაძეც.

“ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც მოგვახსნევინა ან გადაგვაყვანინა მოადგილე აღმზრდელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვემუქრებოდა თვითონ დირექტორებს მოხსნით. ამიტომ მოადგილეები, იმის გამო, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ წლებია და საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს თანამშრომლებთან, თანხმდებიან ამაზე, რომ გადავიდნენ სხვა პოზიციაზე, რომ დირექტორს არ შეექმნას პრობლემა,”- ამბობს ინგა კალანდაძე.

როგორც ხატია ლაშქარაშვილი, ასევე, 92-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი ინგა კალანდაძე, თანამდებობიდან ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს აუდიტის დასკვნის საფუძველზე მარტში გაათავისუფლეს.

როგორც ლაშქარაშვილი ამბობს, მარტში ცხრა დირექტორის გათავისუფლება ერთი და იმავე საფუძვლით მოხდა:

“გვედავებიან, რომ წინასწარ კვებისთვის მოთხოვნილი თანხა, რომელიც მოითხოვება ბაგა-ბაღში ბავშვების სავარაუდო დასწრების მიხედვით, ფაქტობრივად, დასწრება შეიძლება იყოს ნაკლები ან მეტი, რატომ არ განვსაზღვრეთ ჩვენ წინასწარ, ზუსტად რამდენ ლარს დავხარჯავდით კვებაში. თვეში ერთხელ ჩვენ მივდივართ სააგენტოში, ფინანსურ გავლას ეძახიან, სადაც ესწრება თემურ თორდინავა, ფინანსური განყოფილების წარმომადგენელი, და მათთან ერთად გავდივართ ამ თანხების გადანაწილების პროცედურას,”- აცხადებს ლაშქარაშვილი.

იგი ამ დასკვნას  ”აბსურდულს” და “არაკვალიფიციურს” უწოდებს და ამბობს, რომ ამ დირექტორების შეცვლას სხვა თანამშრომლების შეცვლაც მოჰყვება.

 

რას ამბობენ ბაგა-ბაღების სააგენტოში 

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ყველა ბაღში არის იმდენი აღმზრდელის შტატი, რამდენი ჯგუფიც არის. მათი განცხადებით, ვიოლეტა მგალობლიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება გამოწვეულია იმით, რომ 215-ე ბაღში იყო 12 ჯგუფი და 13 აღმზრდელი

“ერთი პედაგოგი იყო უფუნქციოდ. რამდენადაც ვიცით, სათადარიგო აღმზრდელის მოავალეობასაც არ ასრულებდა კონკრეტულად ეს ქალბატონი და უარს ამბობდა ჯგუფებში შესვლაზე. შესაბამისად, მოხდა მისი გათავისუფლება,”- განაცადეს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, 2014 წლიდან მონიტორინგისა და მერიის აუდიტის დასკვნების საფუძველზე ბაგა-ბაღების 25 დირექტორი არის გათავისუფლებული. პრესსამსახურის ინფორმაციით, აქედან რამდენიმე მათგანმა თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა.

სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ  2014 წლიდან, საერთო ჯამში, ბაგა-ბაღების 80-მდე დირექტორის მოადგილე გაათავისუფლეს.

“50-ზე მეტი ბაღის დირექტორის მოადგილე გათავისუფლებულია უმაღლესი განათლების არქონის გამო. ზოგმა გადაინაცვლა სხვა თანამდებობაზე, ზოგმა -მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე. ასეთი იყო 3-4 ბაღის დირექტორის მოადგილე, რომელიც რაღაც პერიოდში ასრულებდა დირექტორის მოვალეობას და როდესაც მონიტორინგი შევიდა აღნიშნულ ბაღებში, გამოვლინდა დარღვევები და და დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ მისი არყოფნის პერიოდში ვინც ასრულებდა მოვალეობას, მასთან დაკავშირებით მიეღო ზომები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით,”- ამბობს თორდინავა.

მისივე თქმით, იყო შემთხვევაც, როდესაც ბაღის დირექტორის მოადგილე დირექტორად გადაიყვანეს.

რაც შეეხება ბაღის ყოფილი დირექტორების ბრალდებას იმის შესახებ, რომ თორდინავამ მათ თავიანთი მოადგილეების სხვა თანამდებობაზე გადაყვანა აიძულა, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი “არასერიოზულს” და “არაკომპეტენტურს” უწოდებს.

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ წესდების, შინაგანაწესის მიხედვით და სამართლებრივად სწორად,”-ამბობს ის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი