თბილისში ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი სამსახურიდან დაითხოვეს. საუბარია 213-ე, მე-3, 144-ე და 36-ე ბაღებზე.
36-ე და მე-3 ბაგა-ბაღის დირექტორები, ელზა უდესიანი და თათია ვაჭრიძე მათ გათავსიუფლებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ:
“კულუარულად ხშირად ვრცელდებოდა და არაერთხელ მომსვლია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელზა უდესიანს ებრძვიან იმისათვის, რომ ის არის გია უდესიანის და. მათთვის პროფესიონალიზმს მნიშვნელობა არ აქვს. წარმოუდგენელია, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არ იცოდა: რა ჯდებობდა ბავშვის კვება, რამდენია კალორაჟი”, – განაცხადა ელზა უდესიანმა იმედთან საუბარში.
“ჩემზე უკვე მრავალი თვეა მიმდინარეობს ზეწოლა. რისი დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს და ჩანაწერებიც. ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან მე ვარ ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრი. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემზე განხორციელებული ზეწოლა. ამ სახით იძია შური “ქართულმა ოცნებამ” რეფორმატორ ბაღის დირექტორზე”, – თქვა თათია ვაჭრიძემ, მე-3 ბაღის დირექტორმა.
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ 213-ე, მე-3 და 144-ე ბაღების დირექტორები სააგენტოს მონიტორინგის დასკვნის და განმეორებითი დარღვევების საფუძველზე გათავისუფლდნენ, ხოლო 36-ე ბაღის- მერიის აუდიტის საფუძველზე.
“დარღვევები ძირითადად არის ფინანსური, საკვები და სამუერნეო პროდუქციის გადამალვა. პირველ ჯერზე მათ საყვედური მიეცათ და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, წესდების თანახმად, ბაღის დირექტორი ვალდებულია პასუხისმგებლობა აიღოს. ელზა უდესიანს (36-ე ბაღი) საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნაც ჰქონდა ერთი წლის წინ და იქაც გამოვლინდა დარღვევები”, – გვითხრეს სააგენტოში.
2014 წლის სექტემბრიდან დღემდე, სააგენტოს იფნორმაციით, სულ 20-ზე მეტი ბაღის დირექტორია გათავისუფლებული თბილისის 162 ბაღიდან:
“არც ერთი ბაღის დირექტორი არ გათავისუფლებულა და არც გათავისუფლდება პოლიტიკური ნიშნით. ბაღის ყველა დირექტორი, რომელიც 2014 წლის სექტემბრიდან დღემდე გათავისუფლდა, გათავისუფლდა შესაბამისი დასკვნების და განმეორებითი დარღვევების საფუძველზე”, – გვითხრა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.