“მე პატივს ვცემ პატრიარქს და ამიტომ გადავწყვიტე მისი ძეგლის შექმნა, ვინც მისი წინააღმდეგი არაა, ის ძეგლის დადგმის წინააღმდეგიც არ იქნება” – უთხრა “ნეტგაზეთს”რუსეთში მოღვაწე ქართველმა მოქანდაქე ზურაბ წერეთელმა, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ძეგლი 2003 წელს შექმნა და რამდენიმე კვირის წინ საქართველოში გამოაგზავნა.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პატრიარქის ძეგლი უკვე თბილისშია, “ნეტგაზეთმა” 14 სექტმბერს გაავრცელა, რაც სიურპრიზი აღმოჩნდა საპატრიარქოს წარმომადგენელთათვის.
მაშინ “ნეტგაზეთი” პატრიარქის მდივანს მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა, რომელსაც გაეცინა და თქვა: “იუმორი გამიჩნდა, პატრიარქი ისეთი გულუბრყვილო ადამიანია, რომ სიცოცხლეში ძეგლი დაადგმევინოს ვინმეს? საპატრიარქო წინააღმდეგი იქნება! როდის იყო, ცოცხალ ადამიანებს ძეგლებს უდგამდნენ?! არ გამიგია ილია II-ის ძეგლზე და ძალიან გამიკვირდება, თუ მართალია”.
საპატრიარქოს პრესსამასახურის წარმომადგენელმა მამა დავით შარაშენიძემაც განაცხადა, რომ არ ფლობდა ინფორმაციას ილია II-ის ძეგლის შესახებ. “საპატრიაქროს ოფიციალური პოზიცია არ ვიცი, როგორი იქნება, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, არაა სწორი” – განუცხადა მან “ნეტგაზეთს”.
იმის გასარკვევად, თუ სად იგეგმება საქართველოს პატრიარქის ძეგლის დადგმა, “ნეტგაზეთი” თბილსის მერიას დაუკავშირდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ძეგლის რუსეთიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით მერია ინფორმაციას არ ფლობს და მათთვის არც არავის მიუმართავს პატრიარქის ძეგლისთვის ადგილის გამოყოფის მოთხოვნით.
ამავე საკითხზე დღეს ზურაბ წერეთელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ჯერ თავდაც არ არის საქმის კურსში, თუ სად ან როდის დაიდგმება ძეგლი. მისივე თქმით, ინფორმაცია ძეგლის დადგმის იდეის შესახებ პირადად მიაწოდა საქართველოს საპატრიარქოს.
2003 წელს წერეთელმა რუსეთის მაშინდელი, აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის ალექსი II-ის ძეგლიც დადგა, რომელიც ილია II-ის ქანდაკების მსგავსად, ბრინჯაოსგანაა დამზადებული და 2.8 მეტრის სიმაღლისაა. ალექსი II-ის ქანდაკება მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია განთავსებული.
ამავე თემაზე: