ახალი ამბები

თამაზ მეჭიაური: სტივ რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას

22 აპრილი, 2016 • 1155
თამაზ მეჭიაური: სტივ რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, კონგრესმენმა სტივ რასელმა თავის ქვეყანას უნდა მიხედოს.

სტივ რასელმა 21 აპრილს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ვლადიმერ პუტინი კვლავ ცდილობს, შექმნას საქართველოში პრორუსული მთავრობა, “პუტინის ახლო მოკავშირე” კი ბიძინა ივანიშვილია. “მოვუწოდებ სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტს და დასავლურ ბანკებს, რომ გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები, ვინაიდან იგი ჩართული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში,”- განაცხადა მან.

“რასელმა მიხედოს თავის ქვეყანას, რაც არ უნდა დიდი იყოს ის ქვეყანა. იმიტომ, რომ რასელებმა კი არ უნდა მართონ ეს ქვეყანა, უნდა მართოს ხალხმა და ხალხი ვისაც აირჩევს, იმან. ერთხელ და სამუდამოდ, ვისწავლეთ ჩვენი არჩევანის პატივისცემა. უკვე ამოქმედდა სხვადასხვა მეხუთე კოლონა და ახლა ცდილობენ სხვა კარებიდან შემოვიდნენ პარლამენტში. ზოგ პოლიტიკურ ძალას მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნია, ზოგი რასელს აალაპარაკებს, ზოგი სხვა რომელიმე გვარისას და ა.შ. მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ვერც ანგარიშებს დამიყადაღებენ სადმე, არ გამაჩნია და იმიტომ,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი