ახალი ამბებიეკონომიკა

კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 52 %-ს დაბალი ფინანსური განათლება აქვს

22 აპრილი, 2016 • 2371
კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 52 %-ს დაბალი ფინანსური განათლება აქვს

საქართველოს მოსახლეობის 52%-ს დაბალი ფინანსური განათლება აქვს. ამის შესახებ ნათქვამია „თი-ბი-სი“ ბანკის დაკვეთით განხორციელებულ კვლევაში. კვლევის მიხედვით, რომელიც ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და საერთაშორისო ორგანიზაცა TNS-მა ჩაატარეს, მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს აქვს მაღალი ფინანსური განათლება, 42%-ს – საშუალო ფინანსური განათლება.

კვლევამ გამოავლინა, რომ ყველაზე უკეთ საქართველოს მოსახლეობას ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები ესმის. გმოკითხულთა 59%-მა ინფლაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე სწორი პასუხი გასცა.

კვლევამ ცხადხყო, რომ საქართველოს მოსახლეობის 79% საკუთარ სიბერეზე ფინანსურად არ ზრუნავს. გამოკითხულთა  ნაწილი იმედებს სახელმწიფო პენსიასა და ახლობლების დახმარებაზე ამყარებს. ნაწილს კი იმედი აქვს, რომ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ გასულ წელს, გამოკითხულთა 65%-მა ფულის დაზოგვა ვერ მოახერხა. გამოვლინდა კავშირიც მოსახლეობის შემოსავლებსა და ბანკების მიმართ ნდობას შორის. მაღალშემოსავლიან სეგმენტში, რაც 2000-დან 3000 ლარამდე თვიურ შემოსავალს გულისხმობს, ბანკების მიმართ ნდობა 29 პროცენტით მაღალია, ვიდრე დაბალშემოსავლიან (0-500) პირებში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნდობა ბანკების მიმართ მაღალია, მათი 45% დანაზოგის ნაღდი ფულის სახით შენახვას ამჯობინებს. ანაბრებს თანხის შესანახად გამოკითხულთა 31 პროცენტი მიმართავს.

გამოკითხულთა 85% პროცენტი აკონტროლებს საკუთარ შემოსავლებს, 15 კი – არა. კვლევამ დაადგინა, რომ ქალები ფინანსური კონტროლის მიმართ უფრო სენსიტიურები არიან.

შედეგებს სავალალოდ აფასებს ISET-ის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ლაშა ლაბაძე. მისი თქმით, მოსახლეობის მაღალი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის.

„თი-ბი-სი“ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ქურდიანის თქმით, კვლევის მიზანი იყო გაეგოთ, რამდენად ითვლისწინებს საზოგადოება სხვადასხვა ფინანსურ საკითხებს, მათ შორის, ბიუჯეტის შედგენაში, ხარჯების გათვალისწინებაში, ფულის დაზოგვის საკითხში და რამდენად სწორად აკეთებენ ამას.

„ჩვენთვის ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხანია თი-ბი-სი ბანკი ახორციელებს ინვესტიციებს ფინანსური განათლების საკითხში და აუცილებელია, რაღაც დროის შემდეგ გავიგოთ ფინანსური განათლების ხარისხი, რათა კონკრეტული ნაბიჯებით დავაკორექტიროთ ჩვენი ტაქტიკა,“ – ამბობს ქურდიანი.

გამოკითხვა საქართველოს 7 ყველაზე დიდ ქალაქში ჩატარდა, სულ 1000 ადამიანი გამოიკითხა სალეტეფონო ინტერვიუს გზით. კვლევის ორგანიზატორთა თქმით, შედეგები რეპრეზენტაბელურია და გამოხატავს საქართველოს სრული მოსახლეობის ცოდნას და ქცევას სხვადასხვა ფინანსური საკითხების მიმართ, მათ შორის ინფლაცია, ფინანსური რისკების შემცირება, რთული პროცენტისა და საპროცენტო განაკვეთის შესახებ მოსახლეობის ცოდნა. რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს და უსვამდნენ შეკითხვებს ამა თუ იმ ფინანსურ საკითხებზე. ოთხი საკითხიდან ყველა მათგანზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, პირი ჩაითვალა მაღალი ფინანსური განათლების მქონედ, ორ ან სამ საკითხზე სწორი პასუხი – საშუალოდ, ხოლო ერთი ან არც ერთი სწორი პასუხის შემთხევაში პირს დაბალი ფინანსური განათლების ინდექსი მიენიჭა. თი-ბი-სი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, მსგავს კვლევას „თი-ბი-სი“ ბანკი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი