ახალი ამბები

პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა

21 აპრილი, 2016 • 2158
პროკურატურამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს – არჩილ დავითულიანს და ნიკა ალიხანაშვილს განზრახ უკანონოდ დაკავების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ბრალი წარუდგინა.

“ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  2015 წლის 26 იანვარს  ქალაქ თბილისში, ოქროყანის გზაზე, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა – ნიკა ალიხანაშვილმადა არჩილ დავითულიანმა მძღოლის სიმთვრალეზე შემოწმების მიზნით,  ვაჟა ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გააჩერეს, სადაც ასევე   ისხდნენ ლაშა ავალიანი, იმედა და გიორგი წიკლაურები.  ი. წიკლაურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ნ.ალიხანაშვილმა და  ა.დავითულიანმა დამხმარე ეკიპაჟი გამოიძახეს, რომლის დანახვისთანავე მოახდინეს მოქალაქეთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის იმიტაცია.

ა. დავითულიანმა და ნ. ალიხანაშვილმა  მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა ქმედება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, არაადეკვატური და გადამეტებული ძალის გამოყენებით, თითქოსდა პოლიციელებისთვის ძალადობით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დააკავეს იმედა და გიორგი წიკლაურები. ა.დავითულიანმა ი.წიკლაურს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ნ. ალიხანაშვილმა კი უკანონოდ დაკავებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მოახდინა მტკიცებულების ფალსიფიკაცია – დაიზიანა სამსახურებრივი ფორმა და გამომძიებელს წარუდგინა დაზიანებული სახით.

არჩილ დავითულიანს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო  ნიკა ალიხანაშვილს – სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან  რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან პატრულის ზემოხსენებული ინსპექტორები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური, რომელთაც გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ფარული ჩანაწერებიც  საჯარო გახადეს. ჩანაწერებში, მათი მტკიცებით, ისმის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნების, ლაშა ჯოხაძის და დავით მიქიაშვილის საუბარი პატრულის ყოფილ ინსპექტორებთან, სადაც ისინი “გადასცემენ პროკურატურის დანაბარებს იმის შესახებ, რომ პოლიციის რიგები უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისმის მუქარა”.

“ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებაში ადანაშაულებს. პარტიაში ის ჩანაწერები გახადეს საჯარო, რომელიც მათი თქმით, პატრულზე ზეწოლას ასახავს.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, უკვე ყოფილ თანამშრომლებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება პოლიციის მაღალჩინოსნებმა იძულებით დააწერინეს.

მისივე მტკიცებით, ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკა ამილხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა გასულ წელს, ოქროყანაში პატრულირებისას ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ადმინისტრაციული წესით დააკავეს”, – ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

2016 წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი