ნეტგაზეთი | დოლიძე: შეიძლება ამომრჩეველი სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ ვინმეს სექსუალური ორიენტაცია არავის საქმეა დოლიძე: შეიძლება ამომრჩეველი სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ ვინმეს სექსუალური ორიენტაცია არავის საქმეა – Netgazeti
RU | GE  

დოლიძე: შეიძლება ამომრჩეველი სხვანაირად ფიქრობდეს, მაგრამ ვინმეს სექსუალური ორიენტაცია არავის საქმეა

NDI/CRRC-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ ხმას არ მისცემს პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებას გამოხატავენ.

“თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის წევრის, ვიქტორ დოლიძისთვის მოსახლეობის ასეთი პოზიცია არახალია. მისი თქმით, ეკლესიაზე შეტევა სწორი არ არის:

“ეკლესია და კერძოდ პატრიარქი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ვიღაცას შეიძლება რაღაც ელემენტები მოსწონდეს, რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ, საერთო ჯამში, ეკლესიაზე განხორციელებული შეტევა რომ საზოგადოებაში დადებითად არ იქნება აღქმული – ეს არახალია არავისთვის, ამას კვლევაც არ სჭირდება და საერთოდ არ არის სწორი ამგვარი შეტევა.”

დეპუტატის განმარტებით, “თავისუფალი დემოკრატები” ურთიერთჩაურევლობის პრინციპით თანამშრომლობას უჭერენ მხარს, რაც კონკორდატით არის გათვალისწინებული:

“თავისუფალი დემოკრატების ხედვა ნათელია. არსებობს კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. სახელმწიფომ თავისი საქმე უნდა აკეთოს და არ უნდა ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, ისევე- როგორც პირიქით. ეს არის [კვლევის] აბსოლუტურად ადეკვატური შედეგი”.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 78% მხარს არ დაუჭერდა იმ პარტიას, რომლის მიმართაც სიმპათიები აქვს, თუმცა არჩევნებამდე 3 კვირით ადრე მისი ლიდერები იტყვიან, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, ღიად ისაუბრონ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე. ამ კითხვაზე პარტიების მხარდამჭერების ჩაშლილი მონაცემები ცხადყოფს, რომ სხვებთან შედარებით ენმ-ს შემდეგ თავისუფალ დემოკრატებს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ისეთი, ვინც ზემოხსენებულ საკითხზე საუბრის პირობებშიც დაუჭერს მხარს. ეს მონაცემი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრები [ნინო გოგუაძის გარდა] კონსტიტუციით ქორწინების განსაზღვრის მომხრეები და საკითხის ინიცირების თანაავტორები არიან.

ვიქტორ დოლიძის განმარტებით, სხვისი სექსუალური ორიენტაცია, ისევე როგორც პირადი ცხოვრება, არავის საქმეა და მასში “ხელების ფათური” უნდა დასრულდეს:

“შეიძლება ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი სხვანაირად ფიქრობდეს, რასთანაც არანაირი პრობლემა არ მაქვს, ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ამავდროულად, იმასაც ვიტყვი, რომ საერთოდ არავის საქმე არ არის ვინმეს სექსუალური ორიენტაცია და, რაც ყველაზე მთავარია, პირადი ცხოვრება. პირად ცხოვრებაში ხელების ფათური ძალიან ცუდ ტენდეციად იქცა ქვეყანაში. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორიც ვიყავით, მაგრამ ამავე დროს ვართ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორიც, რადგან მიგვაჩნია, რომ ქორწინება ქალს და კაცს შორის კავშირია.”

კვლევის ფარგლებში რესპონდენტებს კითხვა პარტიის უცხო ქვეყნიდან დაფინანსების საკითხზეც დაუსვეს. გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ ხმას არ მისცემდა მანამდე მისთვის მისაღებ პარტიას, თუ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყობდა, რომ ეს ძალა დაფინანსებას რუსეთიდან იღებს. 25% ამბობს, რომ ასეთ პარტიას ხმას მაინც მისცემდა, 13%-მა კითხვას არ უპასუხა, ხოლო 11%-ის პოზიცია ხმის მიცემა/არმიცემას შორის შუაში ფიქსირდება.

“ამ შემთხვევაში ხალხი შეიძლება ნაკლებად უკავშირებდეს რუსულ ფინანსებს, ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს ამის, მაგრამ ამასთან [რუსეთთან მიმართებაში] დაკავშირებით საზოგადოებას რომ პრობლემები გააჩნია, ეს ვიცით. მე ვისურვებდი, რომ პროცენტული მაჩვენებელი 51-ზე კიდე უფრო მეტი იყოს,” – აღნიშნავს ვიქტორ დოლიძე.

NDI/CRRC-ის ბოლო კვლევიდან ახალი შედეგები გახდა ცნობილი. საუბარია ექსპერიმენტულ კითხვარზე, რომლითაც დგინდება – მისცემენ თუ არა ხმას ამომრჩევლები მის ფავორიტ პარტიას, თუ ეს პარტია არჩევნების დღემდე ცოტა ხნით ადრე კონკრეტულ მესიჯებს გაახმოვანებს ტრადიციების, ეკლესიის, საგარეო ორიენტაციის მიმართულებით; ან თუ აღმოჩნდება, რომ პარტიის ლიდერებს წარსულში კანონთან ჰქონდათ გაკრვეული ტიპის პრობლემები.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.