ახალი ამბები | , , ,

IDFI მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ოფშორული კომპანიების საქმიანობის დასარეგულირებლად

19 აპრილი, 2016 | | 2249
IDFI მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ოფშორული კომპანიების საქმიანობის დასარეგულირებლად

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეიმუშაოს სპეციალური რეგულაციები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების საქმიანობის დასარეგულირებლად.

IDFI აცხადებს, რომ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები ქმნიან სხვადასხვა სახის სირთულეს: ანგარიშვალდებულების, უსაფრთოების, გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრებისა და ბიზნესზე ზეწოლის რისკებს.

ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოშიც დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან, ხოლო ვალდებულების არარსებობის გამო უცნობია, ვინ არიან ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მფლობელები, რაც ზრდის კორუფციული გარიგებების და ინტერესთა შეუთავსებლობის პოტენციური შემთხვევების რისკებს, აცხადებს IDFI.

ორგანიზაციის აზრით, ოფშორი საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით აკონტროლებენ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტს. ოფშორულ ზონებს იყებენ პოლიტიკოსები და სხვა პირები გადასახადების თავის არიდებასა და ფულის გათეთრებისათვის, აცხადებს IDFI.

IDFI-ის განმარტებით, 2003-2015 წლებში საქართველოში შემოსული 13 611 225 100 აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის 10%  (1 315 265 700 აშშ დოლარი) ოფშორული ზონებიდან განხორციელდა.

“IDFI მიიჩნევს, რომ პოტენციურად საფრთხის შემცველია ის გარემოება, როდესაც ოფშორული ზონების გამოყენების გამო უცნობი რჩება ინვესტიციების დაახლოებით მეათედის რეალური წარმომავლობა”, -წერია ორგანიზაციის კვლევაში.

ორგანიზაციამ გასული წლების ის შემთხვევები გაიხსენა, რომლებიც კვლევის ავტორების აზრით კითხვის ნიშნებს შეიცავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები ხშირად გამოიყენებოდა სახელმწიფოსთვის წილების უსასყიდლო გადაცემისთვის.

სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ კომპანიებს შორის IDIF-მა დააფიქსირა შპს „ლოგოსი“ (წილის 100%), შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია ნაზვრევი“ (წილის 50%), “ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია- ნორიო” (წილის 50%) და “ქართულ-ბრიტანული ნავთობკომპანია-ნინოწმინდა“ (წილის 50%) და “საქართველოს ლატარიის კომპანია” (წილის 70%), რომელიც საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს უკავშირდება.

IDIF-ის განმარტებით, შპს “საქართველოს ლატარიის კომპანიის” შემთხვევაში “ლექსორ კაპიტალ კორპის” წარმომადგენელმა დიმიტრი ჩიქოვანმა, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა, უსასყიდლოდ გადასცა კომპანიის წილის 70% საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც კომპანია მართვის უფლებით საქართველოს ფოსტას გადასცა.

ოფშორული ზონიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტივიები წყარო: IDFI

ოფშორული ზონიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტივიები წყარო: IDFI

კვლევაში აღნიშნულია, რომ შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის” მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით, კომპანიის მთლიანი დაგეგმილი შემოსავალი 10 წლის განმავლობაში იქნებოდა 4 248 129 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 10 წლის განმავლობაში – 913 351 000 ლარი, თუმცა 2015 წელს გაირკვა, რომ კომპანიას ერიცხება 200-ზე მეტი მლნ ლარის დავალიანება.

ოფშორულ ზონებს ასევე იყენებენ რუსული კომპანიები. ამის მაგალითად კვლევაში მოყვანილია თბოსადგური „მტკვარი ენერგეტიკა”, რომლის მფლობელია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძლებზე რეგისტრირებული კომპანია “გარდაბანი ჰოლდინგზ ბი.ვი.”, ამ კომპანიის წარმომადგენელია რუსეთის მოქალაქე დმიტრი კნიაგინინი.

ოფშორული ზონიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტივიები წყარო: IDFI

ოფშორული ზონიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტივიები წყარო: IDFI

ასევე, კომპანიის სამთვალყურეო საბჭოში შედიან „ინტერ რაოს” წარმომადგენლები, რუსეთის მოქალაქეები: დიმიტრი ვოლკოვი, პაველ ოკლეი და დიმიტრი პალუნინი. იგივე კომპანია “გარდაბანი ჰოლდინგზ ბი.ვი.”, ასევე, ფლობს „ხრამჰესი 1“-სა და „ხრამჰესი 2“-ს, რომელთა სამთვალყურეო საბჭოში შედიან ინტერ რაოს“ წარმომადგენლები: დიმიტრი ვოლკოვი, სერგეი ოვჩინიკოვი და იური შერბაკოვი.

კვლევაში საუბარია „პეტროკას ენერჯი ლიმიტედზე, რომელსაც რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით მართავს. იაკობაშვილამდე „პეტროკას ენერჯი ლიმიტედი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეკუთვნოდა,

IDFI ასევე აღნიშნავს, რომ იაკობაშვილის საკუთრებაა ფოთის ნავთობტერმინალები და ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. იგი ასევე არის დამფუძნებელი და სააქციო წილის მფლობელი რუსული რძის პროდუქტების კომპანიისა “ვიმ ბილ დანის“. იაკობაშვილი ასევე ფლობს ოფშორულ კომპანია Milarm International Corp-ს, რომლის მეშვეობითაც მართავს სარეკლამო კომპანიებს საქართველოში.

კვლევაში ასევე საუბარია კომპანია RMG-ზე, რომლის მფლობელთა კვალი ოფშორულ ზონებსა და რუსეთის მოქალაქეებამდე მიდის. ასევე, საუბარია ბილაინზე (შპს მობიტელზე), რომლის ოფიციალური მფლობელები არიან ოფშორული კომპანიები: „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ (51%) „ინვესტიკო ალიანსე“ (29%) და მირენ ინვესტ (20%). კომპანიის 47.9% რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის ალფა ჯგუფის წევრ Altimo-ს ეკუთვნის.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, რომ გამოიძიოს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით სახელმწიფო ქონების არამიზნობრივი განკარგვის, კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შემთხვევები.

საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ დაეყრდნოს ევროპარლამენტის პრაქტიკას და შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების გავლენას საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდებს, რომ განსაზღვროს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროები და მიიღოს საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ოფშორული კომპანიების მფლობელთა შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ საჯაროობას, როგორც ეს 2011 წელს სატელემაუწყებლო სფეროსთან დაკავშირებით მოხდა.

IDFI წლების განმავლობაში წერდა ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ. კვლევაში წარმოგიდგენთ გასული წლების განმავლობაში IDFI-ის მიერ გაანალიზებულ შემთხვევებს ოფშორული კომპანიების შესახებ და ასევე ოფშორული ზონებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის ანალიზს.

2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილი კონფიდენციალური დოკუმენტების ბაზა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ასზე მეტი პოლიტიკოსი, მათ შორის თორმეტი ამჟამად მოქმედი მსოფლიო ლიდერი და მათი ოჯახები, იყენებდნენ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.

„პანამის დოკუმენტები“ შეიცავს ოფშორში რეგისტრირებული მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი იურიდიული კომპანიის, მოსაკ ფონსეკას (Mossack Fonseca) მილიონობით დოკუმენტს, რაც ანონიმური წყაროებით აღმოჩნდა გერმანულ გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის ხელში. ამ უკანასკნელმა დოკუმენტები გაუზიარა „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს“ (ICIJ), საიდანაც ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შედეგად გადადგა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი და ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრი, შვეიცარიის და სხვა ევროპული ქვეყნების სამართალდამცავმა სტრუქტურებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო 2016 წლის 14 აპრილს ევროპარლამენტის პრეზიდიუმის კონფერენციაზე ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება პანამის დოკუმენტების საქმესთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან გამოჩნდა, რომ ოფშორულ ზონებში კაპიტალის მქონე პირებს შორის არიან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

ივანიშვილი ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებულ კომპანია „ლინდენ მენეჯმენტს“. აღნიშნული კომპანიის მფლობელობა ბიძინა ივანიშვილს არც 2012 წელს და არც 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი